სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა - ვიცი, ჩემი შვილი არ ჩაიდენდა ამ დანაშაულს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედას, მარინა მარტიაშვილს არ სჯერა, რომ დანაშაული მისმა შვილმა ჩაიდინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მცხეთაში, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბრალდებულის დედა საქმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ არ ფიქსირდება სატელეფონო ზარები, როდესაც ოჯახმა შვილის მოძებნის მიზნით „112“-ში დარეკა. ოჯახს ეს გარემოება გარკვეულ ეჭვებს უჩენს.
„112-ში გვქონდა დარეკილი, როცა ჩემს შვილს ვეძებდით, რატომ გააქრეს ეს ზარები, თუ მართლები არიან, რატომ გაქრა? ჩვენ ვეძებდით შვილს და ეს არ ფიქსირდება. მე ვიცი ჩემი შვილი რაცაა, ის არ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ფსიქოლოგმაც ხომ გამოიკვლია მისი მდგომარეობა. მოვითხოვ, საქმე ნორმალურად გამოიძიონ“, – განაცხადა მარინა მარტიაშვილმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.