სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში მ.კ-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებებში რაიან მაიკლ სმიტის, მისი მეუღლის ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მ.კ-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები დაუშვებელ მტკიცებულებებად მიიჩნია.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მ.კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, მ.კ. შეხვდა რაიან მაიკლ სმიტს, მის მეუღლეს ლორა ჯოი სმიტსა და მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ხეობაში. მ.კ-მ შემდგომში ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით რაიან მაიკლ სმიტი მის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტყუა მოშორებით მდებარე ჩანჩქერისკენ, სადაც თოვლის ზვავის მიმდებარედ 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის თვალწინ, თანნაქონი სანადირო თოფიდან ჯერ ზურგის არეში, ხოლო შემდეგ თავში გასროლებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა რაიან მაიკლ სმიტი.
ამის შემდეგ, მ.კ-მ რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობის დაფარვის მიზნით, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 4 წლის ქელებ ისმატ სმიტი, კერძოდ: ამავე თოფიდან ჯერ მარჯვენა მხრისა და ბარძაყის მიმართულებით ესროლა, ხოლო შემდეგ თავში მიბჯენით გასროლის შედეგად გამოასალმა სიცოცხლეს.
ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით მ.კ. დაბრუნდა ე.წ. „ალავერდის“ ჩანჩქერთან და თოფის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებების მიყენებით ლორა ჯოი სმიტთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ჩადენილი დანაშაულების დაფარვის მიზნით, მ.კ-მ განსაკუთრებული სისასტიკით, წყალში დახრჩობით მოკლა ლორა ჯოი სმიტი.
მ.კ-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.