სკოლის გარეთ მოსწავლეების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება
განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ მას საუბარი ჰქონდა განათლების მინისტრთან და ასევე, იგეგმება შეხვედრა შსს-ში. როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლის ტერიტორიის მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება.
„არაუგვიანეს ორშაბათისა, გვექნება შეხვედრა შსს-ს უწყების ხელმძღვანელთან, რათა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიების მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს შეიძლება იყოს დამატებითი მონიტორინგი, დამატებითი ვიდეოკამერები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქუჩებში – ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრებები, რომლებიც მინდა, გავუზიარო შს და განათლების მინისტრებს. ასევე, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ პოლიციური რეჟიმი არ შემოვიტანოთ განათლების სისტემაში. ეს იქნება პროცესი, სადაც მშობლებსა და პედაგოგებსაც ჩავრთავთ.
ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ სკოლის ტერიტორიაზე მანდატურის სამსახური ასრულებდა თავის მოვალეობას. ის, რაც გუშინ მოხდა, ცდებოდა სკოლის ტერიტორიას, ჩვენ ალბათ უნდა ვიფიქროთ უშუალოდ მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე, რომ შევძლოთ სკოლის მიღმა გარკვეულ მანძილზე მონიტორინგის განხორციელება.
გუშინ არც ადმინისტრაციას და არც მანდატურებს ეჭვის საფუძველიც არ ჰქონდათ, რომ შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.