სხვა პლანეტარულ სისტემებთან შედარებით, მზის სისტემა ძალიან აწეწილია
სხვა პლანეტარულ სისტემებთან შედარებით, მზის სისტემა ძალიან აწეწილია

მართალია, მზის სისტემა ჩვენი სამშობლოა, მაგრამ ახლახან, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ის სრულებითაც არ ჰგავს სხვა სისტემებს. 355 სხვადასხვა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი 909 პლანეტის ახალი კატალოგიზაციის მიხედვით, ჩვენი მშობლიური პლანეტარული სისტემა ოდნავ აწეწილ-დაწეწილია, მაშინ, როცა სხვები გაცილებით მოწესრიგებული არიან.

მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ლორენს ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მრავლობითი პლანეტის მქონე სხვა ვარსკვლავურ სისტემებში, პლანეტები ზომით გაცილებით ერთნაირია, მათ ორბიტებს შორის არსებული მანძილი კი უფრო თანაბარი.

თუკი მზის სისტემის დიაგრამას დახედავთ, ადვილად დაინახავთ, რომ ჩვენ ერთგვარი „მაღაზია“ ვართ. გვაქვს ყველა ზომისა და ფორმის პლანეტა, მზის გარშემო მათ ორბიტებს შორის მანძილი კი დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს ალბათ სავსებით ნორმალური იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად შევისწავლეთ ეგზოპლანეტები — ძირითადად კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ნადირობის წყალობით — არაერთი ძველი ვარაუდი ეჭვქვეშ დადგა.

კეპლერის მიერ აღმოჩენილი ათასობით ეგზოპლანეტის მონაცემების გამოყენებით, ვაისმა და მისმა ჯგუფმა ჰავაიზე, მაუნა-კეას მთაზე მდებარე კეკის ობსერვატორიას მიმართა, რათა მაღალი რეზოლუციის სპექტრული მონაცემები მიეღო 1305 სხვადასხვა ვარსკვლავისა და მათ გარშემო მოძრავი 2 025 პლანეტის შესახებ.

ამ მონაცემთა გამოყენებით, ჯგუფმა გაზომა პლანეტათა ტრანზიტის, ანუ დედავარსკვლავთა წინ ჩავლის მანძილი. ამ დროს, ვარსკვლავის შუქი ოდნავ ბნელდება; სწორედ ამ ჩაბნელებათა მახასიათებლების წყალობით, ჯგუფმა გამოთვალა პლანეტა – ვარსკვლავის რადიუსთა პროპორციები ორბიტაზე მოძრავი ყოველი სხეულისათვის.

კვლევის ფარგლებში, ჯგუფი ფოკუსირდა 355 მულტიპლანეტარულ სისტემაში გადანაწილებულ 909 პლანეტაზე, რომლებიც დედამიწიდან ძირითადად 1000-4000 სინათლის წლებს შორის მანძილზე მდებარეობენ.

აღმოჩნდა, რომ მათ წარუმატებლობა განიცადეს ორ ისეთ მახასიათებელში, რომელშიც ამას სულ არ ელოდნენ. პირველი — მეზობელი პლანეტები ზომაში დაახლოებით მსგავსნი იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგზოპლანეტარულ სისტემებში პლანეტათა ზომა ხშირად თანაბარია.

მეორე — პლანეტათა ორბიტებს შორის არსებული მანძილი სრულად თანაბარი იყო.

„სისტემაში არსებული პლანეტები ძირითადად ერთნაირი ზომისაა, მანძილები კი რეგულარული, ბარდის პარკში არსებული მარცვლებივით. ეს ასე არ მოხდებოდა, თუკი პლანეტათა ზომა და მანძილი შემთხვევითი იქნებოდა“, — ამბობს ვაისი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ცნობილია სისტემაში არსებული ერთი პლანეტის ზომა ან ორბიტული მანძილი, ასტრონომებმა უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება უნდა შესძლონ სხვა პლანეტის ზომის ან ორბიტული მანძილის შესახებ.

მკვლევრებმა ასევე იპოვეს ძალიან სუსტი კორელაცია ვარსკვლავის მასასა და პლანეტის რადიუსს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანრტის ზომას, სავარაუდოდ ვარსკვლავის მასა არ განსაზღვრავს.

გარდა ამისა, მათ ასევე დაადგინეს, რომ როდესაც პლანეტურ სისტემაში ზომათა გარკვეული ცვალებადობაა, ვარსკვლავთან უფრო ახლოს არსებული პლანეტა უნდა იყოს პატარა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი პლანეტას მოკლე ორბიტული პერიოდინ აქვს, შესაძლოა ფოტოაორთქლების გამო.

ამ აღმოჩენას მნიშვნელობა აქვს პლანეტარულ სისტემათა ფორმაციის კვლევაში და გარკვეულ გასაღებებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდა ჩვენი მშობლიური მზის სისტემა ასე უწესრიგო და განსხვავებული.

ამჟამად არსებული ყველაზე მიღებული ჰიპოთეზის მიხედვით, ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვრისა და ნარჩენების პროტოპლანეტური დისკო თანდათან ერთიანდება და ხორცდება პლანეტურ სხეულებად. თუკი ეს დისკო შედარებით ერთგვაროვანია, სამართლიანია დავასკვნათ, რომ ამ დისკოდან წარმოიქმნება უფრო ერთგვაროვანი პლანეტური სისტემები, ისეთები, რომლებსაც მკვლევრები აკვირდებოდნენ.

საინტერესოა, რა მოხდა მზის სისტემის შემთხვევაში? მკვლევრებს სჯერათ, რომ ყველაფერში დამნაშავე იუპიტერი და სატურნი არიან. გაზის ეს ორი გიგანტი მზის სისტემის ისტორიის ადრეულ ეტაპზევე წარმოიქმნა და არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც მიუთითებს, რომ ამ პლანეტებმა მზის სისტემის ადრეული სტრუქტურა გარკვეულწილად აწეწ-დაწეწეს.

შესაბამისად, ერთგვაროვანი პლანეტური სისტემები არის ისინი, რომლებმაც შედარებით პატარა დოზით განიცადეს მსგავსი არევ-დარევა. ამ მოსაზრების შესამოწმებლად, თავის შემდეგ პროექტში მკვლევართა ჯგუფი მულტიპლანეტარულ სისტემებში მოძებნის იუპიტერის ზომის ეგზოპლანეტებს და გაარკვევს, მოდის თუ არა ეს სისტემები მათ მოსაზრებასთან შესაბამისობაში.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nouvelles.umontreal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით