2017 წელს აღმოჩენილი ყველაზე საინტერესო და უცნაური უცხო პლანეტები
2017 წელს აღმოჩენილი ყველაზე საინტერესო და უცნაური უცხო პლანეტები

წელს, ერთი მკრთალი წითელი ვარსკვლავის გარშემო, მეცნიერებმა დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა შენიშნეს. გარდა ამისა, 2017 წელს აღმოჩენილია სხვა უამრავი უცნაური ეგზოპლანეტა — დაწყებული დედამიწის ზომის ყინულის ბურთიდან, დამთავრებული ამ დრომდე ნაპოვნი ყველაზე ცხელი პლანეტით; ასევე დაფიქსირებულია ვარსკვლავი, რომელმაც როგორც ჩანს, 15 პლანეტა გადაყლაპა.

გთავაზობთ 2017 წელს აღმოჩენილ ყველაზე უჩვეულო, მომაჯადოებელ და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგის პლანეტებს.

1. TRAPPIST-1-ის ოჯახი

 

 

იუპიტერზე ოდნავ დიდი, ცივი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის — TRAPPIST-1-ის გარშემო აღმოაჩინეს დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა. მისი პლანეტური გარემოს რამდენიმე წევრი ასტრონომებმა 2016 წლის მაისში აღმოაჩინეს ჩილეში განთავსებული ტელესკოპის, TRAPPIST-ის გამოყენებით.

ამის შემდეგ, NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის დამატებითმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ სამის ნაცვლად, იქ შვიდი პლანეტაა, ყველა მათგანი დაახლოებით დედამიწის ზომისაა და დედავარსკვლავის გარშემო მოძრაობენ ძალიან ახლოს — იმაზე პატარა სივრცეში, ვიდრე მზესა და მერკურის შორის მანძილია.

უსწრაფესი, ყველაზე შიდა პლანეტა TRAPPIST-1b, ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 1,5 დღეში ერთხელ, ყველაზე გარე TRAPPIST-1h კი დაახლოებით 20 დღეში.

სამი პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს — რეგიონში, სადაც ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, მათი ატმოსფეროები შეიძლება მთლიანად განიავებული იყოს ვარსკვლავის ინტენსიური ულტრაიისფერი რადიაციის მიერ.

2. ნამდვილი პაპანაქება

2017 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცხელი პლანეტა — იუპიტერის მსგავსი KELT-9b. ეს პლანეტა თავის დედავარსკვლავ KELT-9-ს გარს უვლის იმდენად ახლო მანძილიდან, რომ ერთ სრულ გარშემოვლას მხოლოდ 1,5 დღეს ანდომებს; არის გრავიტაციულად ჩაკეტილი, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიმართული, მეორე კი პირიქით. დედავარსკვლავის წინ ამ პლანეტის ჩავლა მკვლევრებმა დააფიქსირეს არიზონაში განთავსებული ტელესკოპის, KELT-ის საშუალებით.

პლანეტის „დღის მხარეს“, ტემპერატურა 4 300 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ჯუჯა ვარსკვლავის ზედაპირი, მზის ზედაპირზე მხოლოდ 1200 გრადუსით ნაკლები.

ვარსკვლავი KELT-9 მზეზე დიდი და ცხელია; მისმა მუდმივმა რადიაციამ თავის პლანეტა KELT-9b-ის ატმოსფერო ბუშტის მსგავსად გაბერა, სანამ მისი სიმკვრივე იუპიტერის ნახევრამდე დაეცა.

მკვლევართა თქმით, ერთ მშვენიერ დღესაც, შეიძლება ეს პლანეტა მთლიანად აორთქლდეს მისგან დარჩეს მხოლოდ მყარი ბირთვი, თუკი საერთოდ აქვს. პლანეტის საბოლოო ბედს გამოავლენს ჰაბლისა და კეპლერის კოსმოსური ტელესკოპები, ასევე მომავალი ჯეიმს ვების ტელესკოპი.

3. სახლი ჩვენს სახლთან ახლოს

დედამიწიდან 11 სინათლის წლის მანძილზე, ჩილეს ლა-სილიის ობსერვატორიის ინსტრუმენტ „მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მძებნელით“ (HARPS), პლანეტა როს 128b აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის ვარსკვლავთან გაცილებით უფრო ახლოს მოძრაობს, ვიდრე დედამიწა მზესთან, მისი ვარსკვლავი უფრო ცივია და შესაბამისად, პლანეტა სასიცოცხლო ზონაში რჩება.

მეცნიერთა თქმით, როს 128b სასიცოცხლო ზონაში მდებარე, დედამიწის მასის უახლოესი ეგზოპლანეტაა საკმაოდ წყნარ ვარსკვლავთან. უახლოესი იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაზე ახლო მეზობელი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი მძლავრ აფეთქებებს სტყორცნის და ხრუკავს დედამიწის ზომის თავის პლანეტას — პროქსიმა b-ს.

4. მზის სისტემის ახალი კონკურენტი

Google-ის მანქანური სწავლების ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა ვარსკვლავ კეპლერ-90-ის გარშემო რვა პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი მეორე სისტემაა რვა პლანეტით.

სისტემის ერთ-ერთი პლანეტა, კეპლერ-90i მდებარეობს დედამიწიდან 2545 სინათლის წლის მანძილზე, სავარაუდოდ არის კლდოვანი და მესამე თავის ვარსკვლავისგან დაშორებით. განსხვავებით დედამიწის 365,26-დღიანი ორბიტისა, იგი დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 14,5 დღეში ერთხელ და საკმაოდ ცხელია იმისათვის, რათა მის ზედაპირზე თხევადმა წყალმა არსებობა შესძლოს. პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 430 გრადუს ცელსიუსს უნდა აღწევდეს.

5. წერილი მეგობრებს

მეცნიერებმა და ხელოვნებმა შეტყობინება გაგზავნეს ახლომდებარე ჯუჯა ვარსკვლავ GJ 273-თან, რომლის გარშემოც ბოლო დროს აღმოჩენილი ორი პლანეტა მოძრაობს. ერთ-ერთი მათგანი, GJ 273b შესაძლოა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია.

სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 12,36 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ორგანიზაცია METI-ს (შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციებს) ჯგუფის წევრებმა შეტყობინება ნორვეგიაში განთავსებული ტელესკოპის საშუალებით გაგზავნეს. მათ შორის იყო სამეცნიერო და მათემატიკური „ტუტორიალი“ და 33 მოკლე მუსიკალური კომპოზიცია.

თუკი იქ ცივილიზაცია მართლაც არსებობს და შეტყობინებაც მიიღეს, პასუხს 25 წელიწადში უნდა ველოდეთ.

6. გიგანტური თოვლის გუნდა

ახლად აღმოჩენილი პლანეტა სახელად OGLE-2016-BLG-1195Lb მდებარეობს დედამიწიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე და ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ჩვენს პლანეტასთან. თვის დედავარსკვლავს გარს უვლის თითქმის იმავე მანძილიდან, რითაც დედამიწა მზეს. მაგრამ მზისგან განსხვავებით, რომელიც თავის ოქრსოფერი სხივებით დედამიწას სიცოცხლისათვის ხელსაყრელს ხდის, ამ პლანეტის ვარსკვლავი ციცქნაა და ბნელი, შედეგად, მისი პლანეტა უბრალოდ ყინულის გუნდაა.

მკვლევრებმა ეს პლანეტა მაშინ აღმოაჩინეს, როცა მისმა ვარსკვლავმა სხვა ვარსკვლავის წინ ჩაიარა, როცა ამ უკანასკნელს ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) ფარგლებში აკვირდებოდნენ.

NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და კორეის მიკროლინზირების ტელესკოპთა ქსელის მონაცემთა გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ვარსკვლავს პლანეტა ჰყავდა, გამოთვალეს მასა და დედავარსკვლავისგან დაშორება.

7. მშვიდად განისვენეთ, კლდოვანო პლანეტებო

და ბოლოს, თქვენ წინაშეა მზის მსგავსი ვარსკვლავი კრონოსი. მართალია, მკვლევრებმა მის გარშემო პლანეტები ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ჩანს, მას მართლაც ხარბი მადა აქვს: კომპანიონი ვარსკვლავის შემადგენლობასთან შედარების შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ არსებობის განმავლობაში, კრონოსს გადაყლაპული უნდა ჰქონდეს დედამიწის მასის მქონე 15 პლანეტა.

კრონოსის გარე ფენებში, მკვლევრებმა დიდი ოდენობით იპოვეს ქანების წარმომქმნელი ისეთი მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი, ალუმინი, სილიციუმი, რკინა, ქრომი და იტრიუმი. გაცილებით ნაკლები იყო აქროლადი ელემენტები — ჟანგბადი, ნახშირბადი, აზოტი და კალიუმი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი