სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია საქართველოს 2,83 მილიონ ევროს გამოუყოფს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა მაგნუს რიშტედტმა ხელს მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებას.
კერძოდ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ დაფინანსების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონული ფონდიდან ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს.
პროექტის მიზანია, საქართველოში, საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.