სისხლის ანალიზი, რომელიც ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს მრავალი სახის კიბოს — #1tvმეცნიერება
სისხლის ანალიზი, რომელიც ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს მრავალი სახის კიბოს — #1tvმეცნიერება

კიბოს ადრეული დაფიქსირება, ვიდრე ის სხეულს მოედება, ხშირად გადამწყვეტია სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები სხვადასხვა მეთოდით რეგულარულ სკრინინგს კიბოს რამდენიმე გავრცელებულ ტიპზე.

მაგალითად, მსხვილი ნაწლავის (კერძოდ კოლინჯის) კიბოს სკრინინგს კოლონოგრაფია ეწოდება, ძუძუს კიბოზე შემოწმებას კი მამოგრაფია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ამ ტესტის ჩატარება პაციენტისთვის შეიძლება ლოჯისტიკურად რთული, ძვირი და ზოგჯერ არაკომფორტული იყოს. რას იტყოდით სისხლის ერთ ტესტზე, რომელიც ერთდროულად შეამოწმებდა კიბოს ყველა გავრცელებულ ტიპს?

სწორედ ამას გვპირდება მრავალკიბოს ადრეული დაფიქსირების ტესტები, შემოკლებით MCED. წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა MCED ტესტები დაასახელა პროგრამა Cancer Moonshot-ის პრიორიტეტად; ამ ფედერალური პროგრამის ბიუჯეტი 1,8 მილიარდი დოლარია და მიზნად ისახავს კიბოთი სიკვდილის მაჩვენებლის შემცირებას, კიბოთი დაავადებულთა და მისგან განკურნებულთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

მრავალ მკვლევარს მიაჩნია, რომ MCED ტესტები ახლო მომავალში სრულიად გარდაქმნის კიბოს სკრინინგს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მას ძლიერი ფედერალური მხარდაჭერა ექნება.

როგორ მუშაობს MCED ტესტები

სხეულის ყველა უჯრედი, მათ შორის სიმსივნის უჯრედებიც, სიკვდილისას სისხლის მიმოქცევაში უშვებენ დნმ-ს. MCED ტესტები სისხლში სწორედ სიმსივნის დნმ-ის კვალს ეძებს. მიმოქცევაში მყოფი ეს „უუჯრედო“ დნმ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ტიპის ქსოვილიდან არის ის მოსული, ჩვეულებრივია თუ სიმსივნური.

სისხლის მიმოქცევაში კიბოს დნმ-ის ძებნა ახალი რამ არ არის. თხევადი ბიოფსიები, რასაც შელამაზებით სისხლის ანალიზს უწოდებენ, უკვე ფართოდ გამოიყენება კიბოს მოწინავე სტადიების მქონე პაციენტებში.

სისხლის ამ ტესტებით ექიმები კიბოს დნმ-ში ეძებენ მუტაციებს, რაც მკურნალობაში ეხმარებათ. ვინაიდან გვიანდელი სტადიების კიბოს პაციენტების სისხლის მიმოქცევაში დიდი ოდენობით ცირკულირებს კიბოს დნმ, ამ გენეტიკური ცვლილებების დაფიქსირება მათში შედარებით ადვილია.

MCED tტესტები უკვე არსებული თხევადი ბიოფსიებისგან განსხვავდება, რადგან ისინი ადრეული სტადიის კიბოს დაფიქსირებას ცდილობენ, როდესაც სხეულში სიმსივნური უჯრედები ჯერ ბევრი არ არის. ადრეულ ეტაპზე კიბოს ამ უჯრედთა დაფიქსირება რთულია, რადგან სისხლის მიმოქცევაში დნმ-ს არასიმსივნური უჯრედებიც უშვებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებადი დნმ-ის უმეტესობა არასიმსივნურ უჯრედებს ეკუთვნის, იქ არსებული კიბოს დნმ-ის სულ რამდენიმე მოლეკულის დაფიქსირება თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს.

ამას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სისხლის უჯრედები დაბერებასთან ერთად ბუნებრივად გამოყოფენ პათოლოგიურ დნმ-ს, რაც შეიძლება ცირკულაციაში მყოფ კიბოს დნმ-ში აგვერიოს. ამ ფენომენს კლონური ჰემატოპოეზი ეწოდება და ხელს უშლიდა MCED ტესტების შექმნის ადრეულ მცდელობებს, რადგან აჩვენებდა ძალიან ბევრ ცრუ დადებით შედეგს.

საბედნიეროდ, ახალი ტესტები სისხლის უჯრედების არევას თავს არიდებს, რადგან ფოკუსირდება კიბოს დნმ-ის „მოლეკულურ შტრიხკოდზე“, რითაც ხდება იმ ქსოვილის იდენტიფიცირება, საიდანაც ის არის მოსული. ეს შტრიხკოდები დნმ-ის მეთილირების შედეგია, დნმ-ის ზედაპირზე ბუნებრივად არსებული მოდიფიკაციების, რომლებიც სხეულის თითოეული ტიპის ქსოვილისთვის სხვადასხვაა.

მაგალითად, ფილტვის ქსოვილს ძუძუს ქსოვილისგან განსხვავებული დნმ-ის მეთილირების მახასიათებელი აქვს. გარდა ამისა, კიბოს უჯრედებს პათოლოგიური დნმ-ის მეთილირების მახასიათებლები აქვს, რაც კიბოს ტიპს შეესაბამება. სხვადასხვა დნმ მეთილირების მახასიათებელთა კატალოგიზაციის შედეგად, MCED ტესტები ფოკუსირდება დნმ-ის იმ სექციებზე, რომლებიც სიმსივნურ და ნორმალურ ქსოვილებში სხვადასხვანაირია და მიანიშნებს კიბოს წარმოშობის ადგილზე.

ტესტირების ვარიანტები

ამჟამად მუშაობა და კლინიკური ცდები მიმდინარეობს რამდენიმე MCED ტესტზე. ჯერჯერობით, FDA-ის მიერ დამტკიცებული ან რეკომენდებული არ არის არც ერთი MCED ტესტი.

2021 წელს, ბიოტექნოლოგიურმა კომპანია GRAIL-მა აშშ-ში პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი MCED ტესტი გამოუშვა. კომპანია აცხადებს, რომ ეს ტესტები, სახელად Galleri, 50 სხვადასხვა ტიპის კიბოს აფიქსირებს. ასეთივე ტესტებზე მუშაობს ორი სხვა ამერიკული კომპანია — Exact Sciences და Freenome, ასევე ერთი ჩინური კომპანია Singlera Genomics-ი.

ზოგიერთი ეს ტესტი ცირკულირებად სიმსივნურ დნმ-სთან ერთად ასევე იყენებს კიბოს დაფიქსირების სხვა მეთოდებს, მაგალითად, სისხლში ეძებს კიბოსთან დაკავშირებულ ცილებს.

GRAIL-ის Galleri ტესტები აშშ-ში 949 დოლარი ღირს.

როგორ უნდა გამოვიყენოთ MCED ტესტები

მრავალ წელს წაიღებს იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა დაინერგოს კლინიკებში MCED ტესტები.

მკვლევრები და კლინიცისტები ჯერ ახლა იწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ ვინ უნდა გაიტესტოს, რა ასაკში, როგორ უნდა მიიღონ მხედველობაში წარსულის სამედიცინო და ოჯახური ისტორია. ექიმებისთვის ასეთი სახელმძღვანელოების შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ასევე არის შიშები იმაზე, რომ MCED ტესტებმა შეიძლება დაბალი რისკის, ასიმპტომური კიბოების ზედმეტად ბევრი დიაგნოზი დასვას, რომლებიც სჯობს, საერთოდ არ დაფიქსირდეს. ასე მოხდა პროსტატის კიბოს სკრინინგისას.

აქამდე არსებული სახელმძღვანელოს რეკომენდაციით, რეგულარულად უნდა მოხდეს 55-დან 69 წლამდე ყველა კაცის სისხლის ტესტირება, რათა განისაზღვროს PSA-ს დონე, ცილის, რომელსაც სიმსივნური და არასიმსივნური პროსტატის ქსოვილები წარმოქმნის. მაგრამ რეკომენდაცია ახლა უფრო ნიუანსურია და სკრინინგს ინდივიდუალურ საფუძველზე ითვალისწინებს.

შეშფოთების კიდევ ერთი საგანი ის არის, რომ დადებითი MCED შედეგების დამატებითი ტესტირება სამედიცინო სისტემებისთვის ხარჯიანი და დამაბრკოლებელი იქნება, განსაკუთრებით, თუ საჭიროა მთლიანი სხეულის სკანირება.

ასევე, დადებითი MCED ტესტის პაციენტებს, რომლებიც შემდეგ სრულ, ძვირად ღირებულ სკანირებას ვერ შეძლებენ კიბოს დასადასტურებლად, შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეთ აშლილობა პოტენციურად გამორჩენილი დიაგნოზის შესახებ.

მიუხედავად ასეთი საფრთხეებისა, კლინიკური კვლევები იმედისმომცემია. 2020 წელს 10 000 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დადებითი MCED ტესტის მქონე 134 ქალიდან 26 შემდეგში კიბო დაუდასტურდა.

MCED ტესტებმა მალე შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს კიბოს სკრინინგში. ახლა საკითხავი ის არის, არიან თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სისტემები.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.