კალიები კიბოს სუნს გრძნობენ და მათი ეს უნარი შეიძლება მრავალი სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროს — #1tvმეცნიერება
კალიები კიბოს სუნს გრძნობენ და მათი ეს უნარი შეიძლება მრავალი სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ კალიებს ყნოსვით შეუძლიათ გაარჩიონ ადამიანის ჯანმრთელი უჯრედები სიმსივნური უჯრედებისგან. ამან კი შეიძლება ამ დაავადების ადრეული დაფიქსირების ახალი შესაძლებლობები გაგვიხსნას და შესაბამისად, გაზარდოს პაციენტთა გადარჩენის შანსები.

კიდევ უფრო უკეთესი კი ის არის, რომ ამ მწერებს შეუძლიათ გაარჩიონ კიბოს ცალკეულ უჯრედთა ხაზები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება დაფიქსირდეს კიბოს არსებობა და მისი ტიპი.

თუკი შევძლებთ იმის გარკვევას, როგორ გადავიტანოთ მათი ეს შესაძლებლობა სამედიცინო დანადგარებში, გაჩნდება უზარმაზარი პოტენციალი.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, ხელმისაწვდომია სერვერზე BioRxiv და მისი შედეგები დიდად იმედისმომცემია კიბოს ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით.

კალიების მიერ კიბოს დაფიქსირების უნარი ელექტროდებით გაზომეს, მათი ტვინის აქტივობის ცვლილების საფუძველზე და როგორც აღმოჩნდა, ეს უნარი საიმედო, მგრძნობიარე და სწრაფია — სულ რაღაც მილიწამებში ხდება.

„კიბოს ადრეული დაფიქსირება ზედმეტად მნიშვნელოვანია და ამისათვის, ყოველი შესაძლო ხელსაწყო უნდა გამოვიყენოთ, იქნება ის საინჟინრო თუ მილიონობით წლის ბუნებრივი გადარჩევის მიერ მოწოდებული. თუ წარმატებას მივაღწევთ, კიბო განკურნებადი დაავადება გახდება“, — ამბობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი კრისტოფერ კონტაგი.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOC), რომლებსაც ამოვისუნთქავთ, გარკვეულწილად ცვლის კიბოს არსებობა, რადგან ის ინდივიდუალურ უჯრედთა მეტაბოლურ პროცესებში ერევა.

მთავარი გამოწვევა ამ ცვლილებათა ადრეული დაფიქსირებაა.

კალიებს მეცნიერები რეგულარულად იყენებენ სუნის კვლევებში და შესაბამისად, უკვე ბევრი ვიცით ამ არსებებისა და მათი ყნოსვის უნარების შესახებ.

კალიების თავის ტვინზე მიმაგრებული ელექტროდების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა გაზომა ამ მწერების რეაგირება სხვადასხვა უჯრედიდან აღებულ აირთა ნიმუშებზე და შექმნა სიგნალთა პროფილები, რომლებიც იმ ქიმიკატებს წარმოადგენდა, რომელთა სუნიც მათ სცემდათ.

რა თქმა უნდა, ჯანსაღ უჯრედებსა და კიბოს უჯრედებზე რეაგირებით შექმნილი პროფილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

უკვე დადგენილია, რომ მიკროსკოპში პირის ღრუს კიბოს უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებულად გამოიყურება; მეცნიერებმა ეს მეტაბოლიტების ცვლილებამდე დაიყვანეს და დაადასტურეს, რომ კალიებისთვის ამ უჯრედებს მართლაც სხვანაირი სუნი აქვს — დიდი ალბათობით, მათგან გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნაერთების გამო.

ეს კონკრეტული კვლევა მხოლოდ პირის ღრუს კიბოებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ ამავე გზით შესაძლებელი უნდა იყოს სხვა ტიპის კიბოების დაფიქსირებაც, რადგან აქროლადი ორგანული ნაერთები სხვადასხვა ხელწერას წარმოქმნიან.

„ველოდებოდით, რომ კიბოს უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებული გამოჩნდებოდა, მაგრამ გავოცდით, როდესაც კალიებმა ერთმანეთისგან სამი სხვადასხვა სახის კიბო გაარჩიეს“, — ამბობს კონტაგი.

კიბოს სხვადასხვა ტიპებში, გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 10-20 პროცენტია, თუკი კიბო მე-4 სტადიაში (როცა ის სხეულის სხვა ნაწილებშიც არის გავრცელებული) დაფიქსირდება. პირველ სტადიაში დაფიქსირების შემთხვევაში კი, პაციენტთა გადარჩენის შანსი 80-90 პროცენტია — განსხვავება ნამდვილად უზარმაზარია.

უკვე მიმდინარეობს მუშაობა „ბიონიკური ცხვირის“ შექმნაზე; ეს მოწყობილობა დააფიქსირებს ცვლილებებს აქროლად ორგანულ ნაერთებში, მაგრამ მეცნიერებს ჯერ შექმნილი არ აქვთ სენსორები, რომლებიც ბუნებრივის მსგავსი შესაძლებლობების იქნება.

მკვლევართა ჯგუფის საბოლოო მიზანია კალიის თავის ტვინის „დაჰაკვა“, რათა კალიების ბუნებრივი ყნოსვის ძალა დაავადების დიაგნოზირებაში გამოიყენონ. იქამდე ჯერ ადრეა, მაგრამ მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილი.

„თეორიულად შესაძლებელია, ამ მოწყობილობას ჩავბეროთ და მან დააფიქსიროს, გვაქვს თუ არა კიბო, რა სახის და რომელ სტადიაზე. თუმცა, კლინიკურ აღჭურვილობაში ასეთი მოწყობილობის გამოჩენამდე ჯერ შორი გზაა გასავლელი“, — ამბობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი დებაიტ საჰა.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე BioRxiv.

მომზადებულია msutoday.msu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი