სირიის სამთავრობო ძალები აფრინის რეგიონში შესვლას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია ავრცელებს.
ცნობები მას შედეგ გავრცელდა, რაც ქურთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ სირიის არმიასთან ქურთული ძალების დახმარებაზე და თურქების ჩარევის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
თავის მხრივ, მანამდე თურქეთმა განაცხადა, რომ მიესალმება დამასკოს მხრიდან ნებისმიერ ჩართულობას, თუ ეს რეგიონის ქურთი მებრძოლებისგან გათავისუფლებას შეეხება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება და სირიის არმია იქ ქურთების დასახმარებლად შევა, თურქული იერიში გაგრძელდება.
თურქეთმა აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია გასულ თვეში დაიწყო. ოპერაცია ქურთი მებრძოლების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს და იერიშებს საკუთარი საზღვრის მათგან დაცვის მიზნით ხსნის.
სამხედრო ოპერაციამ, რომელიც „ზეთისხილის რტოს“ სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობები ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებს, სირიის მთავრობას, მეამბოხე დაჯგუფებებს, თურქეთს, ირანს, აშშ-სა და რუსეთს შორის.
ქურთი მაღალჩინოსანი კი, რომელმაც სირიის არმიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე განაცხადა, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში ორი დღის ვადაში შევა.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და ქურთულ მილიციას შორის, სირიის მომავლის შესახებ განსხვავებული ხედვების გამო, წარსულში დაპირისპირებები მომხდარა, თუმცა ისინი პირდაპირ კონფლიქტს უმეტესად თავს არიდებენ.
„აფრინში ჯარი რამდენიმე საათში შევა, რომ თავისი ხალხი გარე აგრესიისგან დაიცვას“, – წერს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „სანა“.