ჟენევაში სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჟენევაში სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოლაპარაკებებს სირიის ხელისუფლების, ოპოზიციური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები ესწრებიან. საერთო ჯამში ჟენევაში 150 დელეგატი იმყოფება.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები სირიის ახალი კონსტიტუციის ფორმირებაზე მსჯელობენ. როგორც გაერო იუწყება, ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლოა სირიაში რეფორმების განხორციელების და არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა გახდეს.

გასულ თვეში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა საკონსტიტუციო კომიტეტი ჩამოაყალიბეს. ეს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის პირველი პოლიტიკური შეთანხმება იყო.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტმა 370 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. 5,6 მილიონი პირი კი ლტოლვილად იქცა.