სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების თავდასხმას ერთი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხუთი კი, დაშავდა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ რას-ელაინთან ქურთი მებრძოლების თავდასხმას ემსხვერპლა ერთი თურქი ჯარისკაცი, ხოლო ხუთი კი, დაშავდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქურთმა მებრძოლებმა თურქ სამხედროებს ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს. საპასუხოდ თურქმა სამხედროებმა ქურთების პოზიციების მიმართულებით ასევე გახსნეს ცეცხლი.
შეგახსენებთ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 150 საათით შეწყვიტა. თურქეთისა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ დროში ქურთმა მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა უნდა დატოვონ. ერდოღანისა და პუტინის მიერ ქურთების სამხედრო შენაერთებისთვის მებრძოლებისა და შეიარაღების გასაყვანად მიცემული ვადა ხვალ იწურება.
ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ თუ რუსეთი ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ თურქეთ-სირიის სასაზღვრო ტერიტორიებს „ტერორისტებისგან თურქეთი თავად გაწმენდს“.