რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქურთ მებრძოლებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქურთ მებრძოლებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, ქურთ მებრძოლებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტში, მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აშშ-სთან და რუსეთთან და ვიცავთ მათ, თუმცა ერთი პირობით. ის ძალაშია, ვიდრე ჩვენი პარტნიორები თავიანთ დაპირებებს ასრულებენ. ჩვენ ვიცით, რომ ორივე მხრიდან ტერორისტები ჯერ კიდევ იმყოფებიან ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების ზონის ფარგლებში. ისინი ჩვენ ვერ მოგვატყუებენ იმის თქმით, რომ მათ იქიდან ტერორისტები მოაშორეს, რომ ეს რაიონები ტერორისტებისგან გაწმენდილია. ეს რაიონები ტერორისტებისგან ჯერ არ გაწმენდილა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში, თურქეთთან მოსაზღვრე რაიონში აშშ-ის ძალები და ქურთი მებრძოლები ამ დრომდე ახორციელებენ ერთობლივ პატრულირებას.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით რეგიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარამ სამხედრო მოქმედებები აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა, რომლის თანახმადაც ქურთ მებრძოლებს თურქეთის საზღვართან 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. აღნიშნული ვადის გასვლისას, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად თურქეთი და რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ, ქურთ მებრძოლებს კი აღნიშნული რაიონების დასატოვებლად დამატებითი დრო მიეცათ.