„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ დავით კუტალაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ დავით კუტალაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.
დავით კუტალაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეა, რომელიც სოციალურ ქსელში 5 ივლისთან დაკავშირებით არაერთ ვიდეომიმართვას ავრცელებდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დავით კუტალაძის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო ტვ პირველის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის – ხუთი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.