„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის – ხუთი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.