„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ დავით კუტალაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ

10:53, 12.07.2021

„სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ დავით კუტალაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

დავით კუტალაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეა, რომელიც სოციალურ ქსელში 5 ივლისთან დაკავშირებით არაერთ ვიდეომიმართვას ავრცელებდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დავით კუტალაძის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო ტვ პირველის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის – ხუთი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი