სიმონ ნოზაძე - საქართველოს ეხმარება ცივილიზებული მსოფლიო, რადგან საქართველო მათი საიმედო მოკავშირეა და ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი სტანდარტი აჩვენა
საქართველოს ეხმარება ცივილიზებული მსოფლიო, რადგან საქართველო მათი საიმედო მოკავშირეა და ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი მეგობრების პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ცივილიზებული მსოფლიო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები რომ ეხმარება, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო მათი საიმედო მოკავშირეა. ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, პრაქტიკულად ერთ-ერთი მოწინავე აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლება ამ მენეჯმენტის თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ფინანსური დახმარება გაეწია საქართველოს და მის ეკონომიკას, ჯანმრთელობაზე კი საქართველომ დამოუკიდებლად იზრუნა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი რესურსების ხარჯზე შეძლო ამ უზარმაზარ გამოწვევასთან გამკლავება“,- აცხადებს ნოზაძე.
ნოზაძე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.
„კუბილიუსის განცხადებას რაც შეეხება, ეს შეთანხმება აუცილებლად შედგება. ორ ნაწილად გავყოთ ეს შეთანხმება, პირველი ნაწილი არის პრაქტიკული შეთანხმება საარჩევნო სისტემის თაობაზე, მეორე ესაა სულისკვეთება, რაც გამოჩნდა შეთანხმების მეორე პუნქტში. ის მოწოდება, რასაც უკიჟინებს ახლა ოპოზიცია და ზოგიერთი მათი მეგობრები, ესაა შეცდომაში შეყვანა და ამ სულისკვეთების დარღვევა. რა უნდა ქნას მართლმსაჯულებამ, პირდაპირ უნდა თქვას გამოუშვი ესა და ეს კაციო?! ეს იქნება ამ ხელშეკრულების დარღვევის პირდაპირი მცდელობა“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.