კახა კალაძე - კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან საქართველოს ევროპული მომავლის მტრები, მათი ერთადერთი ინტერესია „ნაციონალური მოძრაობა“
კახა კალაძე - კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან საქართველოს ევროპული მომავლის მტრები, მათი ერთადერთი ინტერესია „ნაციონალური მოძრაობა“

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ „ქართველი ხალხის სურვილზეა დამოკიდებული ევროკავშირში ინტეგრაცია“ და ხომ არ იყო ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების ცვლილებისკენ ერთგვარი მოწოდება.

„პირდაპირ ვიტყვი, კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები. ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია, მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი – „ნაციონალური მოძრაობა“. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები და 2012 წლიდან მოყოლებული, ხალხი რეალურად ხედავს, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე. მართლა რაიმე წარმატება თუ გვაქვს მიღწეული, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ხალხთან ერთად და უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, შემდგომ არჩევნებზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, აირჩევს სწორ პოლიტიკურ პარტიას, სწორ ხელისუფლებას შეარჩევს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, დღეს ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასა და ევროპულ მომავალს, ეს არის „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.