სიმონ ჯანაშია - სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმება აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ სისტემა გაჯანსაღდეს
სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმება აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ სისტემა გაჯანსაღდეს, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, სიმონ ჯანაშიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შეუძლებელია, ადამიანს ყელზე დოლაბი ჩამოვკიდოთ, წყალში ჩავაგდოთ და მოვთხოვოთ, ცურვა ისწავლოს; თან, ვუყიჟინოთ, რას ჰქვია, ცურვას ვერ სწავლობ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენივე შეზღუდვები გვაქვს დაწესებული“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
მისი თქმით, სკოლები ვერ ვითარდებიან ისეთ პირობებში, როცა განვითარებისთვის ბარიერები უწესდებათ.
„რატომ იყო ეს გამოცდები ბარიერი? მაგალითად, ისტორიის საგანში ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლისგან ითხოვს იმას, რომ ბავშვებს ისტორიული ტექსტების ინტერპრეტირება, მრავალი პერსპექტივიდან შეფასება ასწავლოს; უნდა იარონ მუზეუმებში, უნდა შეისწავლონ საკუთარი გარემო და ა.შ. ამ დროს, გვაქვს გამოსაშვები ტესტი, სადაც მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემებია. ეს ბავშვები ამბობენ, რატომ უნდა ვიაროთ მუზეუმებში და რატომ უნდა განვივითაროთ ინტერპრეტირების უნარი, თუ მხოლოდ ამ ვიწრო მიზნების დაკმაყოფილება მოგვეთხოვება?“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
სიმონ ჯანაშიამ ასევე განაცხადა, რომ ეს ბევრი სკოლისთვის შემზღუდველია.
„ბევრი სკოლა ორიენტირებულია არა განათლების მიცემაზე, არა მოქალაქის ჩამოყალიბებაზე, არა იმაზე, რომ ადამიანმა ბუნებასთან ურთიერთობა ისწავლოს და სხვა, არამედ იმაზე, რომ ბავშვებმა ჯერ გამოსაშვები გამოცდები ჩააბარონ, შემდეგ კი – მისაღები გამოცდები“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
როგორც განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, ტრაგედიაა, როცა აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოსაშვები გამოცდების მოხსნა ძალიან კარგია, რადგან მისაღები გამოცდებისთვის მეტი დრო დარჩებათ.
„ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა. ჩვენი სისტემა ვერ იქნება ჯანსაღი, სანამ ადამიანი არ იტყვის, რომ გამოცდების მოხსნა კარგია, რადგან მეტი დრო მრჩება, წავიკითხო საუკეთესო ლიტერატურა, წავიდე მუზეუმში და ა.შ“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.