მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლებით ფაქტობრივად ევროკავშირის წევრები ვართ
მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლებით ფაქტობრივად ევროკავშირის წევრები ვართ

ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

„წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც გაკეთდება მასწავლებლებთან ერთად. ეს არის სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ჩვენს ავტორებთან და გამომცემლებთან ერთად, ასევე საერთაშორისო გამომცემლებთან მუშაობა, რომელიც დაგვეხმარება, საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები. ეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაეხმარება, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების შეტანა სკოლებში. 400-ზე მეტ სკოლაში წარმოდგენილი იქნება უკაბელო ინტერნეტი. დღეს სკოლაში პირველად შევიდა ნოთბუქებისგან განსხვავებით რეალური კომპიუტერი“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მომავალ ორშაბათს ბრიუსელში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის – საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს – ევროკავშირის ფაქტობრივად წევრები ვართ უმაღლესი განათლებით. ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ამ ბაზებში, რისთვისაც მოგვიწევს ამ უნივერსიტეტებთან ძალიან აქტიური მუშაობა. ბრიუსელში ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გავხსნით ოფისს, რომელიც იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ოფისში, ჩვენს ფონდში და ნებისმიერ მსურველს, მეცნიერს ექნება ეს შესაძლებლობა. ყველაფერი მიდის შედეგისკენ, ხარისხისკენ და შემდეგი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

დატოვე კომენტარი