გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი უნდა დაემუქროს
გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი უნდა დაემუქროს

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმაზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში.

„ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია – გლობალური კონკურენცია აღმოჩნდება უფრო მძაფრი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა უნდა იყოს წარმატებით დასრულებული, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი