სიმონ ჯანაშია - არსებობს კვლევა, რომ რეპეტიტორობა კორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები არიან რეპეტიტორები
სიმონ ჯანაშია - არსებობს კვლევა, რომ რეპეტიტორობა კორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები არიან რეპეტიტორები

გასაკვირია, როცა საუბარი არ არის დღევანდელ კორუფციაზე და შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ, – განაცხადა განათლების სპეციალისტმა, სიმონ ჯანაშიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რეპეტიტორების დიდი ნაწილი ასწავლის საკუთარ მოსწავლეებს და ნიშნებს იმიტომ უწერს, რომ ეს ბავშვები მათთან კერძოდ ემზადებიან. არის შემთხვევები, როცა მაგალითად, ბავშვმა რეპეტიტორობას თავი დაანება და რეპეტიტორმა არა თუ დაბალი ნიშნების წერა დაიწყო, ჟურნალში ძველი ნიშნებიც კი ჩაუსწორა. ეს ერთეული შემთხვევა არ არის. არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ რეპეტიტორობა კორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები რეპეტიტორები არიან. ჩვენ კი ვიცით, რომ საქართველოში რეპეტიტორთა დიდი ნაწილი სწორედ სკოლის მასწავლებელია“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

მისი თქმით, ეს კორუფციული პრაქტიკაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპეტიტორი მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს ასწავლიან და ფულს სძალავენ, არამედ იმიტომაც, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული, სკოლა არ გაუმჯობესდეს, რადგან თუ სკოლა უკეთესი იქნება, ბავშვები მათთან კერძო გაკვეთილებზე აღარ მივლენ.

ამ განცხადებით განათლების სპეციალისტმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს კორუფციის რისკის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის შეფასება მთლიანად სკოლის კომპეტენცია იქნება.

შეკითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება გამოცდებისთვის მზადება ძლიერი სკოლის იდეას, სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ ის რამდენიმე სკოლაში მუშაობს კონსულტანტად და ბოლო კლასებში პროექტებს მხოლოდ ის სკოლები აკეთებენ, რომლებსაც გამოსაშვები გამოცდები არ აქვთ, ყველა დანარჩენი კი ამბობს, რომ მათი პროგრამები გამოცდების მომზადებაზეა ორიენტირებული და არ აინტერესებს, მისი პროგრამები შეცვალო.