„სილქნეტი“ - ახალი პროდუქტების შექმნა არ უნდა იყოს აღქმული გაძვირებად
„სილქნეტი“ - ახალი პროდუქტების შექმნა არ უნდა იყოს აღქმული გაძვირებად

კომპანი „სილქნეტი“ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს სთავაზობენ და ეს არ უნდა იყოს აღქმული გაძვირებად.

„სილქნეტი თავისი არსებობის ისტორიაში მუდმივად ქმნის ახალ პროდუქტებს და აუქმებს ძველს.
ანალოგიურად შეიქმნა ახალი პროდუქტი, რომლის ფარგლებშიც არათუ გაძვირდა, არამედ 1მბ ინტერნეტის ღირებულება 40%-მდე გაიაფდა. შესაბამისად, ეს არ უნდა იქნეს აღქმული როგორც გაძვირება, რადგან ხდება ძველი პროდუქტის გაუქმება და ახლის შექმნა, რომლის ფარგლებშიც 1მბ-ის ინტერნეტის ღირებულება საგრძნობლად მცირდება. მარეგულირებელი კომისიის მიერ განცხადების გაკეთებისთანავე „სილქნეტი“ დაუკავშირდა კომისიას და დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც კომპანია მიაწვდის ამომწურავ პასუხს ყველა დასმულ კითხვაზე. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ჰქონია და „სილქნეტი“ კანონის სრული დაცვით მოქმედებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

„სილქნეტმა“ განცხადება გუშინ ვებგვერდის მეშვეობითაც გაავრცელა, სადაც საუბარი იყო ვალუტის გაუფასურების ფაქტორზეც.

„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული შესყიდვები სრულად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება, მაშინ, როდესაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაშია. ბოლო წლების სავალუტო დევალვაციის მიუხედავად, „სილქნეტი“ ინარჩუნებს ფასებს ბაზარზე და ეს ტვირთი აბონენტებზე არ ასახულა”, – აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, „ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით კი, ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით, ფასების გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.