გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - მაისში მცენარეული ზეთი 7.8 პროცენტით, შაქარი 6.8 პროცენტით, ხოლო ხორცი 2.2 პროცენტით გაძვირდა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - მაისში მცენარეული ზეთი 7.8 პროცენტით, შაქარი 6.8 პროცენტით, ხოლო ხორცი 2.2 პროცენტით გაძვირდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, მაისში გაიზარდა და 127.1 ქულა შეადგინა.

აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს – 39.7 პროცენტით აღემატება.

აპრილთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა მარცვლეულის ფასების ინდექსი. ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო სიმინდზე, რომლის ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.9 პროცენტით გაზრდილი. პროდუქტზე ფასის დასტაბილურება მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უხვი მოსავლის ხარჯზე დაიწყო.

მაისის ბოლოსვე, კლების ტენდენცია აჩვენა ხორბლის ფასმაც, რომელიც 6.8 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება ბრინჯს, პროდუქტზე ფასები უცვლელია.

წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 7.8 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის – სოიოს, მზესუმზირას და პალმის ზეთს. ზრდის მთავარ მიზეზად, ბიოდიზელის ინდუსტრიაში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა და მწარმოებელ, აზიურ, ქვეყნებში წარმოების შენელება განიხილება.

6.8 პროცენტით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. მატების ძირითად მიზეზს, ბრაზილიაში, შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსავლის აღების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები წარმოადგენდა. შაქრის ფასმა დარეგულირება, მაისის ბოლოს, ინდოეთიდან ექსპორტირებული პროდუქტის ხარჯზე დაიწყო.

გაზრდილია ხორცის ფასების ინდექსიც. ზრდამ 2.2 პროცენტით შეადგინა და იგი მეტწილად ჩინეთის მიერ პროდუქტის დიდი და სწრაფი ოდენობით შესყიდვამ განაპირობა. წინა თვესთან შედარებით, მაისში ფრინველისა და ღორის ხორცზე მოთხოვნამ მოიმატა.

ფასები გაიზარდა რძესა და რძის პროდუქტებზე. აპრილის თვესთან შედარებით, სხვაობამ 1.8 პროცენტი შეადგინა, რაც, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 28 პროცენტით აღემატება. ზრდის მთავარი კატალიზატორი, რძის ფხვნილზე (ცხიმმოხდილი და ცხიმიანი) გაზრდილი მოთხოვნა იყო. თუმცა, აღნიშნულის საპირწონედ ამ წლის მანძილზე პირველად დაიკლო კარაქის ფასების ინდექსმა. შემცირება ახალი ზელანდიიდან განხორციელებული უხვი ექსპორტის ფონზე მოხდა.