კახა ბექაური - უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება
კახა ბექაური - უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური არ გამორიცხავს, რომ საკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ.

ამის მიზეზად ბექაური კომპანიების მიერ მომსახურების ტარიფებზე თითქმის იდენტურ ცვლილებას ასახელებს.

მისივე თქმით, არსებობს კითხვები იმის გამოც, რომ ტარიფებზე ცვლილებები დროში დაემთხვა.

„ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს შეთანხმებული. ჩვენც გვაქვს ეს კითხვა და ლეგიტიმური კითხვაა. ამას ვებრძოდით ჩვენ ამდენი ხანი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევცვალეთ დუოპოლია და განვახორციელეთ პროცესები, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო ფასების შეთანხმება და კარტელური შეთანხმებები. გვგონია, რომ ეს უკან ჩამოვიტოვეთ. უმკაცრესი რეაგირებები იქნება, თუ ამის ნიშნები გამოვლინდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კომპანიებთან სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს აანონსებს და იმედი აქვს, რომ ფასების ზრდა შეჩერდება.

„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.„მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.