სიღნაღის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის
სიღნაღის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში მაია სუხიშვილი სიღნაღის მერს, გოგი გოგილაშვილს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

სუხიშვილის თქმით, ხელშეკრულების საფუძველზე ის სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და სიღნაღის ახლად არჩეულმა მერმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სუხიშვილის ნაცვლად გენდერულ საკითხებში მერის მრჩევლის თანამდებობა სხვა ადამიანმა დაიკავა.

მაია სუხიაშვილი ამბობს, რომ დაირღვა მისი, როგორც დასაქმებულის უფლებები და სიმართლის დასადგენად სასამართლოს სარჩელით მიმართა. იგი ასევე გეგმავს მიმართოს სახალხო დამცველს.

„მე მოვითხოვ კომპენსაციას, სამსახურში აღდგენას და მორალური ზიანის ანაზღაურება“, – აცხადებს სუხიშვილი.

სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ სუხიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო და მისი გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაში მოხდა. ნეპოტიზმს კი ცრუ ბრალდება უწოდა.

„ქალბატონს შევთავაზეთ სხვა სამსახური, რაზეც პასუხი არ მიგვიღია. ჩივილს თუ აპირებს, ეს მისი უფლებაა”, – ამბობს სიღნაღის მერი.