„სიენენის“ ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შტურმის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი გაკიცხა, თავად მოვლენებს კი, ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსი უწოდა
გასული წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარტიის წარმომადგენლები – ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი გაკიცხა, მოვლენებს კი, ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსი უწოდა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, მოიპოვეს „რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალური რეზოლუციის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონგრესმენები – ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი მონაწილეობას იღებდნენ „დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ უბრალო მოქალაქეების დევნაში, რომლებიც ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში მონაწილეობდნენ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ორივე კონგრესმენის, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების, ნებისმიერ მხარდაჭერას, მათი ქცევის გამო, რომელიც დესტრუქციული იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ინსტიტუტისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“, ამერიკის რესპუბლიკისთვის და არ შეესაბამება „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის პოზიციას.
პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, რონა მაკდენიელის განცხადებით, ლიზ ჩეინიმ და ადამ კინზინგერმა გადაკვეთეს ხაზი და გადაწყვიტეს, შეერთებოდნენ ნენსი პელოსისა და სხვა „დემოკრატების“ მიერ უბრალო მოქალაქეების დევნას, რომლებიც მონაწილეობდნენ ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში და არ იყვნენ კავშირში კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობასთან.
„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის მიერ კონგრესმენების გაკიცხვის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლიზ ჩეინიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის ამსახველი ვიდეო და დაწერა, რომ ამ მოვლენებს არაფერი ჰქონდა საერთო ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსთან.