„სიენენი“ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს
„სიენენი“ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს

საქართველოს დაუმორჩილებელი მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, აღდგომას მრევლს მიიღებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ერთი შეხედვით, საქართველოს რესპუბლიკას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ისტორია აქვს. თუმცა ახლა საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშეა. მიმდინარე კვირას აღმოსავლური ქრისტიანული კალენდრით აღდგომა აღინიშნება და გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსზე რეაგირება ადრეულ ეტაპზე დაიწყო. მთავრობამ სკოლები 29 თებერვალს დახურა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სწრაფი რეაგირება სოციალური დისტანცირებისა და სხვა ზომებით გაამყარეს. პარასკევს ამოქმედდა მთელი ქვეყნის ფარგლებში კერძო მსუბუქ მანქანებზე ხუთდღიანი აკრძალვა.

„ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რომლებიც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ეკლესიები საქართველოში ღია დარჩა და რელიგიური ცერემონიები გააგრძელეს, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც „სიენენი“ იტყობინება, გასულ კვირას, ბზობის აღსანიშნავად, ეკლესიებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს მსახურება ხელისუფლების მიერ 30 მარტს გამოცხადებული კარანტინის აშკარა დარღვევა იყო, რომელიც სამ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს.

„ტრადიციული ეკლესია ამ დრომდე უარს აცხადებს ზიარების წესის შეცვლაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხეების საწინააღმდეგოდ. მორწმუნეები ყოველი საეკლესიო მსახურების წინ რიგში დგანან, რათა ეზიარონ საერთო კოვზიდან. თუმცა ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტრადიციული პრაქტიკა საზიანო არ არის“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიის თანახმად, საქართველოს ეკლესიის დაჟინება უფრო აღსანიშნავია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ გატარებული ზომების ფონზე. მაგალითად „სიენენს“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოჰყავს, რომელმაც ოფიციალურად მორწმუნეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, თუმცა ზოგიერთი ეკლესია განაგრძობს მსახურებას. საბერძნეთის ეკლესიამ 16 მარტიდან ღვთისმსახურების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიის თანახმად, ქართველ მორწმუნეებს შორის უკვე არიან კორონავირუსით ინფიცირებულები, კერძოდ, ერთი სტიქაროსანი და ერთი სასულიერო პირი.

„შექმნილ კრიზისში საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებაში ეკლესიაზე კრიტიკულ შეხედულებებს და ბევრი ქართველი კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოთქვამს“, – წერია სტატიაში.

სიენენი“ აღნიშნავს, რომ ჯერ უცნობია, როგორ იმოქმედებენ ქართველი მორწმუნეები აღდგომის მსახურებაზე დაწესებული შეზღუდვების დროს. ეკლესიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მრევლი კომენდანტის საათს დაიცავს და ეკლესიაში საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე დარჩება, რათა თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების დარღვევა. თუმცა ეკლესიის ღია მხარდაჭერის გარეშე, მთავრობის ნებისმიერი მცდელობა, შეწყვიტოს რელიგიური ცერემონიები ცალმხრივად, ნაკლებად სავარაუდოა, ეფექტიანი იყოს.

„ამგვარად, ეს აღდგომა ქვეყნისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. თუ აღდგომის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, ბევრი ხალხი მივა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს წარმატება, შესაძლოა სათუო გახდეს“, – წერია სტატიაში.