„სიენენი“ - ბორის ჯონსონი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს
მომდევნო კვირას, ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბორის ჯონსონი საკუთარი გეგმის წარდგენას კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს.
ბორის ჯონსონი გეგმავს, მოუწოდოს საკუთარ პარტნიორებს, რომ მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე.
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი საკუთარი გეგმით პარტნიორებს მოუწოდებს, აღკვეთონ რუსეთის მიერ უკრაინაში მცოცავი ნორმალიზება, სიტუაციის დეესკალაციისთვის მოიძიონ დიპლომატიური გზები, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული ჩართულობით და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად ევროატლანტიკურ სივრცეში.
„პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა იყოს მისი აგრესიის მარცხი. საკმარისი არ არის ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგის წესებზე. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამხედრო ძალით მისი მუდმივი გადაწერის მცდელობა”, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.