„სიენენი“ - აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის მოყვანას გეგმავს
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას.
„სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მსგავსად ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც.
„დიახ, ჩვენ ვნახეთ დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ხარჯები ხანგრძლივი ომისთვის, მაგალითად იმით, რომ შექმნას მეგობრული მთავრობა უკრაინაში და გამოიყენოს ჯაშუშური სააგენტოები“, – აცხადებს „სიენენის“ წყარო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.
ბრიტანეთის საგარეო უწყებას განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლო-საქსების მეთაურობით უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ.