გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გამოაშკარავდა კრემლის გეგმა უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნის შესახებ
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გამოაშკარავდა კრემლის გეგმა უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნის შესახებ

გამოაშკარავდა კრემლის გეგმა უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნის შესახებ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ფლობენ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის დანიშვნას ცდილობს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უამრავ ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსთან. მათ შორის არიან 2012-2014 წლებში უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი, 2010-2012 წლებში უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შტაბის უფროსი ანდრეი კლუევი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩი და 2010-2014 წლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი. სამინისტროს განცხადების მიხედვით, ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანს კონტაქტი აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში არიან ჩართულნი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათელს ჰფენს რუსეთის მოქმედების მასშტაბებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის დასამხობად და წარმოდგენას ქმნის კრემლის ზრახვებზე.

ლიზ ტრასის თქმით, რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და გაჰყვეს დიპლომატიის გზას. მისი თქმით, როგორც დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა მძიმე საფასურით.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლებშიც ყირიმიც შედის.