„სიენენი“ - აშშ და ინდოეთი შრი-ლანკის ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ორი კვირის განმავლობაში აფრთხილებდნენ
აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკის ხელისუფლებას ტერაქტების საფრთხის შესახებ ორი კვირით ადრე აფრთხილებდნენ. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ეკლესიებსა და ტურისტულ ობიექტებზე პოტენციური თავდასხმების საფრთხის შესახებ მთავრობის ნაწილმა იცოდა.
როგორც „სიენენი“ იტყობინება, ინდოეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა შრი-ლანკის ხელისუფლებას საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში აცნობეს. მიწოდებული ინფორმაცია ეჭვმიტანილების სახელებსაც კი მოიცავდა.
ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, შრი-ლანკაში უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური კრიზისია შექმნილი – პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რანილ ვიკრემესინგჰეს შეცვლას ცდილობს. დეკემბერში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიკრემესინგჰემ თანამდებობა შეინარჩუნა, თუმცა მთავრობაში შიდა დაპირისპირება მწვავეა.
როგორც „სიენენი“ შრი-ლანკის მთავრობის პრესმდივან რაჯითჰა სენარატნეზე დაყრდნობით წერს, უცხოური სპეცსამსახურები შრი-ლანკის ხელისუფლებას საფრთხის შესახებ ტერაქტამდე რამდენიმე დღით და რამდენიმე საათით ადრეც აფრთხილებდნენ. ერთ-ერთი უკანასკნელი გაფრთხილება კი ხელისუფლებამ აფეთქებამდე 10 წუთით ადრე მიიღო.
ამას გარდა, „სიენენის“ ეთერში, კრისტიან ამანპურის გადაცემაში შრი-ლანკის ეკონომიკის მინისტრმა, ჰარშა დე სილვამ ასევე დაადასტურა ინდოეთისა და აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების არსებობა იმის შესახებ, რომ „რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო“. მინისტრის თქმით, არსებული გაფრთხილებების შესახებ პრემიერს არაფერი აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დეკემბრის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოდან გარიცხეს, რის გამოც მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია აღარ მიეწოდებოდა.
განხორციელებული თავდასხმის შემდეგაც, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებმა უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის მოწვევით საგანგებო შეხვედრის გამართვაზე.
ტერაქტების სერია შრი-ლანკის სასტუმროებსა და ეკლესიებში 21 აპრილს განხორციელდა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი დაშავდა.