შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
გორის რაიონულმა სასამართლომ კასპში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
პროკურორი მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. დაცვის მხარემ კი, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი დღეს წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.
შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლისაა.
კასპში შვიდი თვის ბავშვის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არასრულწლოვანია, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.