შვეიცარიის ლაბორატორია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე სერგეი ლავროვის განცხადებას არ ეთანხმება
ქალაქ შპიცში მდებარე ცენტრში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურეს. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას. რუსეთის მთავარი დიპლომატის მტკიცებით, ექსპერტებმა შპიცის ლაპორატორიაში დაადგინეს, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი არა ნერვულ- პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“, არამედ ნივთიერება BZ-ით მოწამლეს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებშია დამზადებული.
ლავროვის განცხადებას შპიცის ლაბორატორიაში არ ეთანხმებიან. Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ექსპერტები სრულად იზიარებენ ბრიტანელი მეცნიერების მიერ, პორტონ დაუნში ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც სკრიპალები შხამ „ნოვიჩოკის“ კლასის ნივთიერებით არიან მოწამლულნი.
„მხოლოდ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“ შეუძლია მსგავს განცხადებებს უპასუხოს. ჩვენ გავიმეორებთ იმას, რაც 10 დღის წინ ვთქვით. ეჭვი არ გვეპარება, რომ პორტინ დაუნის ლაბორატორიამ „ნოვიჩოკის“ იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც პორტინ დაუნი, ისე შპიცის ლაბორატორია „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მიერ სერტიფიცირებული დაწესებულებებია. სტანდარტები იმდენად მაღალი და მკაცრია, რომ დასკვნის ნდობა შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის“ ორგანიზაციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ ბრიტანელი მეცნიერების დასკვნას ენდობა და მხარს უჭერს.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელიც 18 აპრილს გაიმართება. სხდომაზე რუსეთის მიმართ გასატარებელ ზომებს განიხილავენ. ამავე დღეს ნიუ -იორკში სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოშიც იმსჯელებენ.