შვეიცარია ფულის რადიკალური რეფორმის გატარების საკითხს რეფერენდუმზე გადაწყვეტს
შვეიცარია ფულის რადიკალური რეფორმის გატარების საკითხს რეფერენდუმზე გადაწყვეტს

შვეიცარია კვირას რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს, გაატარებს თუ არა ფულის უპრეცედენტო რეფორმას, რომელიც ქვეყანაში ფულის მიწოდების სისტემას რადიკალურად შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNBC-ი ავრცელებს.

რეფორმის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად საკრედიტო რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და ფინანსური სისტემა უფრო უსაფრთხო გახდება. რეფორმის ოპონენტებს კი, მათ შორის საბანკო სექტორს და შვეიცარიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელსაც, მიაჩნიათ, რომ რეფორმა ძალიან საშიშია და დიდ რისკებს შეიცავს.

შვეიცარიის რეფერენდუმს საერთაშორისო ფინანსური სამყარო დიდი ინტერესით ელოდება. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ შვეიცარიაში აღნიშნული რეფორმა  გატარდა, მას არა მხოლოდ შვეიცარიის, არამედ გლობალური ფინანსური სამყაროს რადიკალური შეცვლის პოტენციალი აქვს.

ფულის რეფორმა, რომელიც Vollgeld-ის სახელით გახდა ცნობილი, ფულის ე.წ. სუვერენულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც შვეიცარიულ ვალუტაში – ფრანკში კრედიტების გაცემა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეროგატივა იქნება, კომერციული ბანკები კი, ამ მხრივ უკიდურესად შეიზღუდებიან.

შვეიცარიაში ინიცირებული ახალი ფულადი სისტემა უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით და სრულიად განსხვავდება არსებული  საბანკო სისტემისგან, რომელიც დეპოზიტების მიღებასა და კრედიტების გაცემაზე დგას. თითოეული კრედიტის გაცემა ფულის ელექტრონული გამრავლების შესაძლებლობას ქმნის და ჭარბი ფულის რისკი ჩნდება. ამ რისკს არსებული სისტემა ნაღდი ფულის რეზერვების შექმნის გზით გარკვეულწილად აზღვევს, თუმცა არა სრულად.

სუვერენული ფულის ინიციატივის სისტემა კი, კრედიტების გაცემის მონოპოლიას ეროვნულ ბანკს ანიჭებს, რითაც ბანკებს სესხების დაუდევრად გაცემის და ფულის გამრავლების საშუალებას უსპობს. გავრცელებული მოსაზრებით, შვეიცარიაში ბრუნვაში გაშვებული ფრანკის 85 პროცენტი კომერციული ბანკების მიერ ელექტრონულად შექმნილ ფულზე მოდის, რაც რეფორმის მომხრეების აზრით,  მეტისმეტად არასტაბილურია. ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული ფინანსური სისტემა უნდა შეიცვალოს და ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი ფული რისკისგან თავისუფალი,  სუვერენული ფულის ანგარიშებზე განათავსონ. ბანკებს უფლება  ექნებათ, გაასესხონ მხოლოდ ის თანხა, რასაც ანაბრების მართვით იღებენ, ასევე ფულის ბაზარზე ოპერაციებიდან ან ეროვნული ბანკიდან მიღებული თანხები.

თუმცა შვეიცარიის საბანკო სექტორი და თვით შვეიცარიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მიიჩნევენ, რომ ახალი სისტემა სახიფათოა. საბანკო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით, რეფორმა ძირეულად შეცვლის მათი ბიზნესის მოდელს და იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარიის ეკონომიკაში ბანკებს მნიშვნელოვანი წილი უკავია, დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი შიშობს, რომ ახალი რეფორმა არის ნახტომი გაურკვევლობაში.

ამასთან, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფუარსი“ იმედოვნებს, რომ რეფერენდუმი რეფორმას ჩააგდებს, რადგან სააგენტო მიიჩნევს, რომ მისი მიღების შემთხვევაში, ფულის რეფორმა შვეიცარიის საბანკო სისტემის კრედიტუნარიანობას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

როგორც წინასწარმა გამოკითხვამ აჩვენა, ელექტორატის ორი მესამედი, სავარაუდოდ,  რეფერენდუმზე ახალი სისტემის საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას. თუმცა, თუ რეფერენდუმი ფულის რეფორმას დაამტკიცებს, ის ძალაში დაახლოებით ორ წელიწადში შევა.