კომპანია „იკეა“ გარდაცვლილი ორი წლის ბავშვის მშობლებს კომპენსაციის სახით 46 მილიონ დოლარს გადაუხდის
კომპანია „იკეა“ გარდაცვლილი ორი წლის ბავშვის მშობლებს კომპენსაციის სახით 46 მილიონ დოლარს გადაუხდის

შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანია „იკეა“ გარდაცვლილი ორი წლის ბავშვის მშობლებს კომპენსაციის სახით 46 მილიონ დოლარს გადაუხდის.

კალიფორნიაში მცხოვრები ბავშვს „იკეას“ 32 კილოგრამიანი კომოდი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო დავა მშობლებმა 2017 წელს წამოიწყეს. დაზარალებულები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ იცოდა, რომ მათ მიერ დამზადებული კომოდი შეიძლებოდა წაქცეულიყო და არ გააფრთხილა მომხმარებლები.

ორწლიანი დავა მორიგებით დასრულდა. „იკეა“ დაზარალებული მშობლებისთვის კომპენსაციის სახით 46 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. ამავე დროს კომპანია ვალდებული იქნება ყველა მომხმარებელი გააფრთხილოს მათი ავეჯის წაქცევის შედეგად მოსალოდნელ რისკებზე და უკან გაიწვიოს „მალმის“ სერიის ყველა კომოდი, რომელიც აშშ-ში გაიყიდა.

იკეას“ ცნობით, მხოლოდ 2016 წელს აშშ-ში აღნიშნული სერიის 17 მილიონი კომოდი გაიყიდა და 186 შემთხვევაში კომოდი წაიქცა. 91 შემთხვევაში დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. რვა შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

დაზარალებულმა ოჯახმა 1 მილიონი დოლარი იმ ორგანიზაციას გადაურიცხა, რომელიც ავეჯის ტესტირების გამკაცრებისთვის იბრძვის.