შვედეთში ქრისტიანული წესით დამარხული ჩვილი ტყუპი ვიკინგების ძვლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
შვედეთში ქრისტიანული წესით დამარხული ჩვილი ტყუპი ვიკინგების ძვლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

შვედეთის ქალაქ სიგტუნაში შვიდი ვიკინგური საფლავი აღმოაჩინეს, რომლებშიც საკმაოდ კარგად შენახული ჩონჩხებია; მათ შორისაა სავარაუდოდ ტყუპი ჩვილის ჩონჩხებიც.

საფლავებში არქეოლოგებმა 1000 წლის წინანდელი რვა ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, ოთხი ზრდასრულის და ოთხი ბავშვის; სავარაუდოდ, ისინი ქრისტიანობაზე მოქცეული ვიკინგები იყვნენ.

„მათი განლაგებიდან გამომდინარე, ახლად გათხრილი სამარხების ქრისტიანული ხასიათი აშკარაა“, — ამბობს ამბობს გათხრების მწარმოებელი კულტურულ რესურსთა მენეჯმენტის კომპანია Uppdrag arkeologi-ს პროექტის მენეჯერი იოჰან რუნერი.

უმეტესი მათგანი ზურგზე დაწოლილი, აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებითაა დაკრძალული; რუნერის განცხადებით, შვედეთის ამ ზონაში იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ვიკინგების რწმენას მისდევდნენ, მიცვალებულებს ძირითადად წვავდნენ.

რამდენიმე ადგილას ასევე იპოვეს ნახშირის ნარჩენები და ნაწილობრივ დამწვარი კუბოები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანის დაკრძალვისას გამოუყენებიათ ცეცხლის რიტუალები.

 

„ასეთი ფენომენები უფრო გავრცელებული იყო ქრისტიანი ვიკინგების პერიოდის სამარხებში, მაგრამ ქალაქ სიგუტაში აქამდე ასეთი რამ იშვიათად გვხვდებოდა“, — ამბობს რუნერი.

ოთხი საფლავის თავზე ასევე იპოვეს ქვა, რომელთაგან ერთი გარშემორტყმული იყო სხვა ქვებით.

„ასეთი მახასიათებლები ქალაქ სიგტუნაში აქამდე არ გვქონდა ნანახი“, — ამბობს რუნერი და იქვე შენიშნავს, რომ ეს გახლავ ამ ზონის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქრისტიანული სამარხები.

არქეოლოგთა განცხადებით, ერთ-ერთ სამარხში სავარაუდოდ ტყუპების ჩონჩხებია.

„ერთ საფლავში ორი ძალიან პატარა, სავარაუდოდ ერთნაირი ასაკის ჩვილის ძვლები აღმოჩნდა“, — ამბობს რუნერი.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, ტყუპები სავარაუდოდ არც დაბადებულან და მათ დედას მუცელი ორსულობის ბოლო ეტაპზე მოეშალა.

საფლავებში ასევე მიაგნეს რამდენიმე საინტერესო არტეფაქტს. ერთი ინდივიდი დაკრძალულია ტყავის ქამრით, რომელსაც რკინის, ვერცხლისა და სპილენძის მორთულობები გასდევს. მიცვალებულს პირში ვერცხლის მონეტები უდევს.

რუნერის განცხადებით, მიცვალებულის პირში მონეტების ჩალაგება ცენტრალურ შვედეთში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო ვიკინგების პერიოდის ქრისტიანულ დაკრძალვებში. ერთ-ერთ სამარხში კი აღმოაჩინეს ზარდახშაში ჩადებული ლამაზი ორნამენტების მქონე ძვლის სავარცხელი.

არქეოლოგებმა სამარხები აპრილის ბოლოს აღმოაჩინეს, იმ ადგილის დათვალიერებისას, სადაც სახლის აშენება იგეგმებოდა. გათხრები მაისში მიმდინარეობდა, ჩონჩხებისა და არტეფაქტების ანალიზი კი ამ დრომდე გრძელდება.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.