შსს - სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციაში შესული შეტყობინება, რომ მოქალაქე ზ.შ. ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, არ დადასტურდა
შსს - სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციაში შესული შეტყობინება, რომ მოქალაქე ზ.შ. ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, არ დადასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე ზ.შ. არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყეს.

„პოლიციამ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ზ.შ. გადაამოწმა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ზ.შ. ადვოკატის თანდასწრებით გამოჰკითხეს, რის შემდეგაც მათ პოლიციის შენობა დატოვეს“,- აცხადებენ შსს-ში.

როგორც ზურაბ შამათავას ადვოკატმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომობილიც გაჩხრიკეს. მისივე თქმით, არ დადასტურდა, რომ შამათავას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

„როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, სამართალდამცველები მას ღირსეულად მოექცნენ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ახალაიამ.

ამასთან, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებდნენ, შამათავა სამართალდამცველებს უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.