შსს-ს წარმომადგენელი - მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს
შსს-ს წარმომადგენელი - მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს

გამოძიების დღევანდელი შედეგების მიხედვით, მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე კაციტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გააკეთა, სადაც კიბერდანაშაულის საკითხებზე მსჯელობდნენ.

კაციტაძის თქმით, „ლურჯ ვეშაპს“ არ აქვს არც აპლიკაცია, არც ვებგვერდი და გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

„ყველა შემთხვევა, რაც ჩვენს მიერ შესწავლილია. ცუდად დასრულდა თუ კარგად, არც ერთ შემთხვევაში ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ საქმე არ გვქონია. „ლურჯ ვეშაპს“ ამ ე.წ თამაშს არც აპლიკაციიის, არც ვებგვერდის სახე და არც სტარტი აქვს იმისთვის, რომ დავიწყოთ. ეს გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ეს ფსიქოლოგიური დომინანტის სუსტ მსხვერპლზე ძალადობრივი დომინირებაა“, – განმარტავს კაციტაძე.

ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების დეტალები და შედეგები კომიტეტზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააცნო.

მისი თქმით, ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ ორი წლის განმავლობაში რუსეთში აქტიურად გავრცელდა და დღემდე მითი და რეალობა ერთმანეთში არეულია.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, გასულ წელს, 30 მაისს დანაყოფში გამოძიება დაიწყო კონკრეტულად „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე და აღნიშნა, რომ გამოძიება დღემდე გრძელდება.

„საკმაოდ მასშტაბური გამოძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც განათლების სამინისტროს მანდატურთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ჩვენთან მანდატურის სამსახურიდან უამრავი კონკრეტული შეტყობინება შემოვიდა. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, თვითონ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები განცხადებით მოგვმართავდნენ. უკვე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, კონკრეტული პირები ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ან რაიმე სცოდნოდა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა.

თამაში არსებობს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რუსეთში აქტიურად გავრცელებული იყო. თუმცა აქაც მითი და რეალობა ერთმანეთში არეულია. დღეის მდგომარეობით იქ მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული. თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მათი ბრალეულობა ჯერჯერობით არაა დადასტურებული და არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი“,  – განმარტავს გიორგი ჯაფარიძე.