დაფიქსირებულია, როგორ ნადირობენ ცელნამგალა ვეშაპები პლანეტის უდიდეს არსებებზე, ლურჯ ვეშაპებზე — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია, როგორ ნადირობენ ცელნამგალა ვეშაპები პლანეტის უდიდეს არსებებზე, ლურჯ ვეშაპებზე — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, მეცნიერები დააკვირდნენ, როგორ ნადირობენ და კლავენ ცელნამგალა ვეშაპები პლანეტის უდიდეს არსებებს — ლურჯ ვეშაპებს.

Marine Mammal Science-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, სამეცნიერო საზოგადოება დიდხანს კამათობდა, შეეძლოთ თუ არა ცელნამგალა ვეშაპებს (ორკა) გიგანტურ ლურჯ ვეშაპებზე ნადირობა.

ამ კითხვაზე პასუხი ახლა უკვე არსებობს. დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროსთან, ორგანიზაცია Cetacean Research-ის მეცნიერებმა უკვე სამჯერ გადაიღეს, როგორ ესხმიან თავს ცელნამგალა ვეშაპთა ჯგუფები ლურჯ ვეშაპებს. ასევე დააფიქსირეს, როგორ უძვრებიან ცელნამგალა ვეშაპები ლურჯ ვეშაპებს პირში და საკვები ნივთიერებებით მდიდარ მათ ენას იქამდე ჭამენ, ვიდრე გიგანტური ვეშაპები მოკვდებიან.

„წარმოგიდგენთ პირველ დოკუმენტურ მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ კლავენ და ჭამენ ცელნამგალა ვეშაპები ლურჯ ვეშაპებს: 2019 წელს 16 დღიან შუალედში დავაფიქსირეთ ორი ინდივიდის ასეთი სიკვდილი, მესამე შემთხვევა კი 2021 წელს ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაში, მსხვერპლი ჯანმრთელი, ზრდასრული ვეშაპი იყო“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ეს გახლდათ 21,95 მეტრი სიგრძის ვეშაპი. მკვლევრებმა შენიშნეს, როგორ იყო დაფლეთილი მისი კანი, ხორცი და ზურგის ფარფლი.

ამას მოჰყვა დაუნდობელი თავდასხმები ცელნამგალა ვეშაპთა მხრიდან; სამი მათგანი ლურჯ ვეშაპს გვერდიდან უტევდა და წყალქვეშ უბიძგებდა, ორი კი თავზე ესხმოდა.

მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში, ლურჯი ვეშაპის სხეულს 50 ცელნამგალა ვეშაპი ჭამდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ცელნამგალა ვეშაპებმა მიზანში ლურჯი ვეშაპის ნაშიერი ამოიღეს. 12-მეტრიან ცხოველს 25 ცელნამგალა ვეშაპი დაესხა თავს.

მკვლევართა მიერ აღრიცხული ბოლო შემთხვევა გახლდათ თავდასხმა 14-მეტრიან ლურჯ ვეშაპზე, რომელსაც ცელნამგალა ვეშაპებმა 90 წუთის განმავლობაში სდიეს 24 კმ მანძილზე.

ნადირობის ტაქტიკა იგივე იყო: ცელნამგალა ვეშაპთა ერთი ჯგუფი მსხვერპლს წყალქვეშ ჩასაძირად უბიძგებდა, სხვები კი თავსა და ენაზე ესხმოდნენ. ბოლოს, სხეული 50-მა ცელნამგალა ვეშაპმა შეჭამა.

წინა კვლევებში მიაჩნდათ, რომ ასეთ თავდასხმებში ძირითადად დიდი ინდივიდები მონაწილეობდნენ, 9 მეტრამდე სიგრძის მამრები.

თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში დააფიქსირეს, რომ მთავარი თავდამსხმელები მდედრი ცელნამგალა ვეშაპები იყვნენ. მკვლევართა ვარაუდით, ასეთი აგრესიის მიზეზი შეიძლება საკუთარ ნაშიერთათვის საკვების მოპოვების სურვილი იყო.

„ეს გახლავთ მტაცებლობის ყველაზე დიდი მოვლენა პლანეტაზე: უდიდესი მტაცებელი ამარცხებს უდიდეს მსხვერპლს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ პიტმანი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.