საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ინტერნეტ თამაშის, "ლურჯი ვეშაპის" შესახებ შეხვედრა გაიმართა
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ინტერნეტ თამაშის, "ლურჯი ვეშაპის" შესახებ შეხვედრა გაიმართა

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ინტერნეტ თამაშის, “ლურჯი ვეშაპის” შესახებ შეხვედრა გაიმართა.

კიკეთის ტაძრის წინამძღოლმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ინტერნეტ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და მშობლების როლზე გაამახვილა ყურადღება.

“ოჯახში ძალიან ხშირად,  ჩვენი შვილების საქმიანობა ყურადღების მიღმა გვრჩება. მოდის ახალი დრო, რომელსაც მოსდევს თავისი სიახლეები. ამ სიახლეებს ხშირად მშობლები ჩამორჩებიან, ვერ იაზრებენ რა საშიშროება შეიძლება სდევდეს თან ინტერნეტ თამაშებს”,-განაცხადა მამა ანდრიამ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრის გათვალისწინება და მათი დარიგებების მოსმენა.

„ ჩვენ აქ იმისთვის ვიკრიბებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალისტებისა თუ უწყებებისგან მოვისმინოთ, როგორ ხედავენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს”, – განაცხადა მამა ანდრიამ და ხაზი გაუსვა, რომ მშობლებმა შვილებთან ერთად მეტი დრო უნდა გაატარონ.

„ფაქტია, რომ ეს ახალი გამოწვევაა და სერიოზული პრობლემაა საზოგადოებისთვის. რაც შეეხება პრევენციას, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე სახელმწიფო, ძალოვანი უწყებები და განათლების სამინისტრო მშობლებთან ერთად აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში”,-აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრას შსს-ს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ  კომენტარი არ გაუკეთებიათ..