შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე - ცხრა წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დადგინდეს
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე, სადაც ცხრა წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე. მან ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბავშვის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არის საყოველთაო ტრაგედია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს კონკრეტული შედეგის დასადებად. გამოძიება დაწყებულია. ამ ეტაპისთვის კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი”, განაცხადა საბანაძემ.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. უწყების ცნობით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.