შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სალონებმა მუშაობის პროცესში
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღის განმავლობაში ხორციელდება ყველა იმ კომპანიის მონიტორინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრიდა.
„მოითხოვეს, რომ ვიდრე საქმიანობას განახორციელებენ, პრევენციულად შევამოწმოთ და მივცეთ რეკომენდაციები, თუ რაიმე ტიპის დარღვევები აქვთ, რომ მათ მყისიერად მოახდინონ მათი აღმოფხვრა“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, სალონებში მომსახურება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს.
ბექა ფერაძემ ასევე ისუბრა კიდევ სხვა რეკომენდაციებზე, რომლებიც სილამაზის სალონებს მიეცათ.
„ხვალიდან იწყებს ეს დარგი ფუნქციონირებას. განსაზღვრული არის ძირითადი რეკომენდაციები – მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა თავმოყრა. განსაზღვრული არის კვადრატულობა და ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს ერთი ადამიანის დაშვება. იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, შესაძლებელი არის, რომ განისაზღვროს და დაწესდეს გარკვეული დროებითი, დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს მომხმარებლებს შორის უშუალო კომუნიკაციას, რომელიც ხშირად იქნება დამუშავებული.
დეზობარიერები არის მოთხოვნილი შესასვლელში, ასევე მომხმარებელმა უნდა განახორციელოს ხელის ჰიგიენა. სალაროსთან უნდა იყოს დროებითი დამცავი ბარიერი, რათა დასაქმებული პერსონალი დავიცვათ. პირბადის ტარება არის სავალდებულო, ხოლო ინდივიადუალური დაცვის სხვა საშუალებები, როგორებიცაა – ხალათი, ხელთათმანები და ა.შ. გამოიყენება შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევასთან გვაქვს საქმე, გამოიყენება შესაბამისი პირბადე, ხელთათმანი, ხალათი, ხოლო თუ უბრალოდ სხვა მარტივი პროცედურებია, მაშინ მხოლოდ ნიღაბი. ყველა ინსტრუმენტის დეზინფექცია არის მოთხოვნილი, რომელიც უკვე რეგულირდებოდა მოქმედი კანონმდებლობით. ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ ხორციელდება, ხოლო სრული დეზინფექცია ყოველი დღის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.