„შპიგელი“ - ევროკავშირი გეგმავს, რუსეთს სანქცირებული საქონლის კალინინგრადში შეტანის ნება დართოს, მოცულობა შეზღუდული იქნება
ევროკავშირი აპირებს, რუსეთს დართოს ნება, რომ მან კალინინგრადში სანქციების ქვეშ მოქცეული საქონელი შეიტანოს, მაგრამ ტრანსპორტირების მოცულობა შეზღუდული იქნება, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.
სტატიის მიხედვით, აღნიშნული ნაბიჯით დასრულდება ამ საკითხზე უთანხმოება არამხოლოდ კრემლსა და ბრიუსელს შორის, არამედ განხეთქილება ევროკავშირის შიგნით, მოსკოვთან მიმართებაში გამოსაყენებელი მიდგომების თაობაზე.
მიმდინარე წლის 17 ივნისიდან ლიეტუვა ბლოკავს კალინინგრადში, ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკის ქვეშ მოქცეული ისეთი საქონლის გადაზიდვას, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ლითონი და ქვანახშირი. აკრძალვა შეეხო რუსეთსა და კალინინგრადს შორის სარკინიგზო კავშირს და არ ეხება საავტომობილო მიწოდებას. სანქციები ასევე არ მოქმედებს საჰაერო და საზღვაო მარშრუტებზე.
ევროპული კომისიის დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს მიეცემა უფლება, გადაიტანოს სანქცირებული საქონელი კალინინგრადში, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ოდენობით – ყოველი კონკრეტული ტიპის საქონელზე იმ მოცულობების გადაჭარბების გარეშე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დაფიქსირდა. ნებადართული ტრანზიტის მოცულობა განისაზღვრება ლიეტუვის საბაჟო დოკუმენტებით.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ტრანზიტის დასაშვებ მოცულობაზე გადაჭარბება, მაგრამ რუსეთის ვალდებული იქნება, დაასაბუთოს ამ ტიპის გადაჭარბების საჭიროება.
სტატიის თანახმად, კომისიის მიერ მიღებული პოლიტიკა დიდწილად გერმანიის ხელისუფლების პოზიციას ასახავს და ოფიციალური ბერლინი კრიტიკულად იყო განწყობილი ლიეტუვის მიდგომის მიმართ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზადაა, რუსეთის მხრიდან სავარაუდო პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ნატო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მონაწილე მხარე არ გახდეს. გერმანელი ჯარისკაცები ლიეტუვის ტერიტორიაზე არიან განთავსებული და შესაძლოა, კონფლიქტში იყვნენ ჩართული.
ამავდროულად, სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს მყარი არგუმენტები ლიეტუვის პოზიციისთვის. პუბლიკაციის თანახმად, რუსეთი ევროკავშირში სანქცირებული პროდუქციის ექსპორტს (ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლით) ახორციელებს და შემდეგ აკრძალული საქონელი უკვე კალინინგრადში შეაქვს, რაც სანქციებით დაუშვებელია.
პუბლიკაციის მიხედვით, „არსებული მწვავე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მოძიებული სანქციების ინტერპრეტაცია „ბალანსს უზრუნველყოფს“.