შოთა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაციაში პრობლემები არსებობს და სიმწვავის დონე მაღალია
ძიუდოისტებთან შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ფედერაციაში პრობლემები არსებობს და სიმწვავის დონე მაღალია, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიმწვავეებიდან გამომდინარე, ძიუდოს ფედერაციაში ძალიან ბევრი საკითხი შესაცვლელია.
„ჩვენ შევხვდით სპორტსმენებს. მოვუსმინეთ მათ. აღმოჩნდა, რომ პრობლემები არსებობს. სიმწვავის დონე მაღალია. სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძირფესვიანად მოხდეს საკითხის შესწავლა. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არსებული სიმწვავეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ბევრი საკითხი შესაცვლელია. დაველოდოთ. მინისტრი საზღვარგარეთაა წასული, ჩამობრძანდება და ამ საკითხს თავიდან ბოლომდე გავივლით“, – აღნიშნა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა 4 მაისს მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია ვაკის პარკში გამართეს. ამასთან, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან აქცია გამართეს დავით ქევხიშვილის მხარდამჭერებმაც.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათთან დაპირისპირებულ სპორტსმენებს აუცილებლად შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.