მიხეილ გიორგაძე ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდება
მიხეილ გიორგაძე ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდება

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათთან დაპირისპირებულ სპორტსმენებს აუცილებლად შეხვდება.

„ბუნებრივია, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა ორივე მხარესთან. პირდაპირ დაკავშირება სპორტსმენების და ფედერაციის, კონკრეტული თანამდებობის პირების, ვფიქრობ, პრინციპულად არასწორი საკითხია. ბუნებრივია, არავინ უშლის ხელს სპორტსმენებს ისაუბრონ პრობლემებზე ან საკითხებზე, რომელიც პრობლემურად მიაჩნიათ. ჩვენი და ფედერაციის მოვალეობაა, რომ ეს საკითხები გადაწყდეს. ეს ჩვენსა და ფედერაციას შორის გასარკვევი, გასარჩევი და გადასაწყვეტი უნდა იყოს, ვიდრე სპორტსმენებსა და ფედერაციას შორის. უახლოეს მომავალში გვექნება ორივე მხარესთან შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, კონსტრუქციულ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით“, – განაცხადა გიორგაძემ.

ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა 4 მაისს მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია ვაკის პარკში გამართეს. ამასთან, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან აქცია გამართეს დავით ქევხიშვილის მხარდამჭერებმაც.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.