შოთა ბურჯანაძე - სარესტორნო ბიზნესისთვის სამუშაო დროის შემცირება მობილობაზე  გავლენას ვერ მოახდენს, ამით მხოლოდ ბიზნესი ზიანდება
შოთა ბურჯანაძე - სარესტორნო ბიზნესისთვის სამუშაო დროის შემცირება მობილობაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამით მხოლოდ ბიზნესი ზიანდება

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 50-დან 60 პროცენტამდეა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი.

„დაახლოებით 50-დან 60 პროცენტის ფარგლებშია სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. ასოციაციის წევრ რესტორნებში ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რამდენი პროცენტი და რა რაოდენობის ადამიანები არიან აცრილები. ეს არა მარტო ციფრებით, არამედ სახელებით და გვარებით, პირადი ნომრებით არის გაწერილი. დაახლოებით 50-დან 60 პროცენტამდეა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული პირების რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. ჩემთვის ეს დადებითი სიურპრიზი იყო, რომ ამ სფეროში ამდენი ადამიანია აცრილი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მიერ კვების ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მისთვის დასახელებული შემზღუდავი ღონისძიების გატარება გაუგებარია.

შოთა ბურჯანაძის თქმით, სამუშაო დროის ერთი საათით შემცირება მობილობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

„შეიძლება ჩაითვალოს, რომ სრულიად უგუნურია ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რომ მიზანი იქნას მიღწეული. რა არის ჩვენი მიზანი, რომ კოვიდვითარება გარკვეულწილად დარეგულირდეს და შემცირდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. ვერავითარ შემთხვევაში სარესტორნო ბიზნესისთვის ერთი საათით სამუშაო დროის შემცირება ვერ მოახდენს გავლენას იმ მიზანზე, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, თუ მობილობაზე გვაქვს საუბარი, ერთსაათიანი სამუშაო დროის შემცირება მობილობის შემცირებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამით მხოლოდ და მხოლოდ ზიანდება ბიზნესი, ეკონომიკა. ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებულები, ხვალ დარჩებიან უმუშევრები.

ტრანსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ისედაც იზრდება ხარჯი ბიზნესოპერატორის, მცირდება შემოსავალი და ეს აზიანებს როგორც ბიზნესს, ისე ეკონომიკას. ის, რომ 200-300-კაციანი ივენთები არ უნდა იყოს. ამაში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ჩვენც, რესტორატორთა ასოციაცია ჩართული ვართ და კრიმინალებსაც ვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ქორწილებს, დიდ ივენთებს აწყობს და ცუდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ასევე, იმუნიზაცია – ამ კუთხით უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და შედეგს მივიღებთ. მგონი, საკოორდინაციო საბჭო უკვე ხიბლშია და ეს არის მიზანმიმართულად ეკონომიკის საწინააღმდეგო ქცევა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რომ გადავარჩინოთ ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დღეიდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.