რესტორატორთა ასოციაციაში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ვებპლატფორმის Covidpass.moh.gov.ge​-ს შექმნას მიესალმებიან
რესტორატორთა ასოციაციაში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ვებპლატფორმის Covidpass.moh.gov.ge​-ს შექმნას მიესალმებიან

ზოგადად, ნებისმიერი ინიციატივა ეფუძნება მწვანე ზონის შექმნას და ადამიანების უსაფრთხო გარემოში ყოფნას, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ინიციატივა როცა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოდის გაორმაგებულად დადებითია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ურთულეს რეალობაშია ქვეყანა კოვიდის გამო და ადამიანები სადაც არ უნდა გადაადგილდნენ, თუ ისინი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, რა თქმა უნდა ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელია, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი აქამდეც უნდა გადადგმულიყო.

„რესტორნებისთვის პირველ შემთხვევაში ეს იქნება ნებაყოფლობითი. ბიზნესი ამას თვითონ შეხედავს, რამდენად მისაღებია მისთვის, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს აუცილებელია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე კოვიდვითარების დასაძლევად. იქიდან გამომდინარე რომ დაბალია აცრილთა რაოდენობა, შეიძლება თავდაპირველად ბიზნესისთვის შემაფერხებელი იყოს, მაგრამ პირველი ნაბიჯი თუ არ გადაიდგა მას მეორე და მესამე ვერ მოჰყვება. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი შეიძლება აქამდეც უნდა გადამდგარიყო, რომ საზოგადოებას ამ ვითარებაში გააზრებული არ აქვს რა საფრთხის წინაშე დგას და ჰგონიათ, რომ ეს თავისთვის გადაივლის. თავისთვის ვერ გადაივლის ერთ წრეზე დავდივართ, მეორეზე მივდივართ, მესამეზე, მეოთხეზე იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ განვითარდება. გვაქვს შეთავაზება, ამ სფეროში არსებული ბიზნესოპერატორები, რომლებიც შექმნიან მწვანე ზონებს და უსაფრთხო გარემოს მათ შესაძლებლობა მიეცეთ გარკვეულწილად ულიმიტოდ იმუშაონ,  იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც მუშაობდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე აცხადებს, რომ აღნიშნულ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ.

„აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადადგმული ნაბიჯი, მთავარია ამ ყველაფერს მოჰყვეს რეგულაციების შემსუბუქება და დავნერგავთ, ვნახავთ, ვიმუშავებთ და იმედია, საბჭო ცოტა შეგვიმსუბუქებს რეგულაციებს. დროის შეზღუდვა არის უმთავრესი პრობლემა ჯერჯერობით და დახურულ სივრცეებში ხალხის რაოდენობა“, – განაცხადა ბასლანძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინ პლატფორმა შექმნა. Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.