შოთა ბურჯანაძე - უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას მწვანე ზონები, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ეს გარდაუვალი იქნება
შოთა ბურჯანაძე - უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას მწვანე ზონები, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ეს გარდაუვალი იქნება

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიზნესსაქმიანობის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის მწვანე, უსაფრთხო ზონის შექმნა უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„ურთულესი ვითარება გვაქვს და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, აუცილებელია მწვანე ზონების შექმნა. ეს გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში, იქნება შესაძლებლობა, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა იმოქმედოს რეგულაციების გარეშე. დღეს რაც შემაფერხებელია და რეგულაციების ფარგლებში ხდება, მაგალითად, ივენთები, ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება, კოვიდპასპორტისა და მწვანე ზონის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ, რეგულაციების გარეშე გასწიონ თავიანთი საქმიანობა. უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას უსაფრთხო ზონები, სადაც ადამიანები ნორმალურ რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მიმართულებას, არის საფრთხის შემცველი. მწვანე ზონის შექმნა აუცილებლად დაეხმარება იმუნიზაციის პროცესის განვითარებას.

მწვანე ზონა ნიშნავს, რომ ადამიანი იყოს აცრილი, კოვიდგადატანილი, ჰქონდეს 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათში სწრაფი ტესტი. ეს არის ძირითადი პირობები, რომლითაც შეიქმნება ზონა, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. უნდა მივაჩვიოთ საზოგადოება, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ამით ავტომატურად ფიქრობ დანარჩენ საზოგადოებაზე. თუ გარკვეულწილად შეუთანხმებლობა არსებობს საზოგადოების ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის, სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია, რომ დადგეს სწორი, ნათელი გადაწყვეტილების მხარეს. ამისთვის მოქმედებს სახელმწიფო. ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ ეს ნაბიჯები გადაიდგმება და ადამიანებს სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.