შოთა ბურჯანაძე - ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის ჩამოწერაზე მთავრობის გადაწყვეტილება დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც საკუთარი შენობები აქვთ
შოთა ბურჯანაძე - ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის ჩამოწერაზე მთავრობის გადაწყვეტილება დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც საკუთარი შენობები აქვთ

ტურიზმის სექტორი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერას გულისხმობს, კმაყოფილია.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, ეს დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებიც საკუთარ შენობა-ნაგებობებს ფლობენ და ასეთი კი 30%-ია.

„ჰორეკას (hotel/restaurant/café) სექტორის ნაწილი ამ შეღავათით მართლაც დიდი შვებას იგრძნობს. ეს არის ისეთი რესტორნები, რომელთაც აქვთ საკუთარი შენობა და შესაბამისად, ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათია. იმ რესტორნებისთვის კი, რომელთა ქონება, მხოლოდ არის ჭურჭელი ან ტექნიკური მიმართულებები, მათთვის დიდი შეღავათი არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემების ქვეშ არის ბიზნესი ნებისმიერი შეღავათი, ეს იქნება ქონების გადასახადიდან, თუ სხვა მიმართულებიდან, მისასალმებელია“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება: სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება; ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციაში.