შოთა ბურჯანაძე - დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია, ყინული დაძრულია
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის ერთგვრი შვებაა.
თუმცა ამავე დროს, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კვების ობიექტებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ის არ არის, რასაც ითხოვდნენ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია და ყინული დაძრულია. იმ ურთულეს სიტუაციაში, სადაც დღეს ბიზნესი იმყოფება, ეს გარკვეულწილად არის შვება. პირველ რიგში, მისასალმებელია ტრანსპორტის გახსნა. რაც შეეხება უშუალოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და კვების ობიექტებს, ეს ის გამოსავალი არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ გარკვეულწილად ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს მიღწეული ნაბიჯია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება 6 თებერვალს რესტორნების მიერ დაანონსებულ თვითნებურად გახსნას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებენ.
„რაც შეეხება შაბათის აქციას, შევიკრიბებით საღამოს და განვაცხადებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ეს ხომ პირველი ნაბიჯია, დღეს მე არ მოველოდი, რომ გაიხსნებოდა ყველაფერი და მივიღებდით ამ შედეგს. შემდეგი ნაბიჯებისთვის კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა მან.
კანონდარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა, რომ სარესტორნო ბიზნესმა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს ნონსენსია.
„კანონში არ წერია, რომ ის პირები, ვინც პროტესტს გამოთქვამენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ სუბსიდირებას არ გავუკეთებთ. ეს ნონსენსია“, – აღნიშნა მან.